ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
მშობლებისა და მოსწავლეების მადლობის წერილი ბათუმის N4 სკოლის მასწავლებელს
ბათუმის N4 სკოლის მშობელთა კომიტეტის თავჯდომარე ზეინაბ ნაკაშიძე მე-4 (დ) კლასის მშობლებისა და შვილების სახელით მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, გულო ბასილაძეს დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში აქტიური და განსაკუთრებული ჩართულობისათვის. მადლობის წერილი Momsedu.ge-ს თავად ზეინაბ ნაკაშიძემ მიაწოდა:
,,ქალაქ ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის მე-4 (დ) კლასის მშობლები, ჩვენს შვილებთან ერთად უღრმეს და გულითად მადლობას ვუხდით ჩვენი კლასის დამრიგებელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს გულო ბასილაძეს, დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში აქტიური და განსაკუთრებული ჩართულობისათვის. არსებული მდგომარეობის მიუხედავად ქალბატონი გულო იმ დღიდანვე, როგორც კი გამოცხადდა ონლაინსწავლება, დაგვიკავშირდა თითოეულ მშობელს და გვაცნობა, რომ ყველა მოსწავლე დაარეგისტრირა და მზა კოდები მოგვაწოდა. ასევე ყველა გაკვეთილს ესწრება, რათა დააფიქსიროს მოსწავლეთა ჩართულობა სხვა საგნებშიც. ჩვენი კლასის თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული ონლაინსწავლებაში და შედეგიც კარგი გვაქვს, რადან ბავშვებისთვის ეს ყველაფერი მოსაწყენი არაა. ამას განაპირობებს ის, რომ გულო მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის მის მიერვე შექმნილ ონლაინრესურსებს და სხვადასხვა სახლისო დავალებებს, რითაც უფრო მეტად დააინტერესა ჩვენი შვილები. ასევე შექმნა ,,კითხვის საათი“, რათა შაბათი-კვირაც მაქსიმალურად საგანმანათლებლო ყოფილიყო. მოსწავლეებმაც არ დააყოვნეს, მასწავლებლის შრომა დააფასეს. მხატვრულად ამზადებენ სხვადასხვა მწერლების მოთხრობებს და ტვირთავენ ვიდეოებს, რომლებსაც უამრავი მნახველი ჰყავს. ასევე, მოსწავლეების დიდმა სურვილმა და მოწოდებამ, რომ ისინი შემოქმედებითები არიან, განაპირობა ისიც ,რომ დაიწყეს გამოწვევა,,ლექსის მხატვრულად კითხვაში“, რომელშიც ყველა მოსწავლეა ჩართული. აქტიურად ვატარებთ ონლაინ კლასსაათსაც. ჩვენი შვილები ხალისით უყურებენ ტელესკოლის გაკვეთილებს ყველა საგანში და ამზადებენ დავალებებს, რომელსაც შემდეგ მასწავლებელი უმოწმებს მათ. ამ კუთხით მშობლებიც დავინტერესდით და შვილებთან ერთად ვაქტიურობთ. გულო მასწავლებელს არასდროს ავიწყდება მისი მოსწავლეების წახალისება და მოსწავლეები დისტანციურად დააჯილდოვა სერთიფიკატებით, რამაც ჩვენს შვილებს უფრო მეტი მოტივაცია გაუღვივა სწავლისადმი.ესაა უდიდესი შრომა ჩვენი მასწავლებლისა, რომელიც დასაფასებელია ყველასგან. გარდა ამისა, უღრმეს მადლობას ვუხდით მათემატიკის მასწავლებელს ქალბატონ მაგული ქურიძეს, რომლიც დაუღალავად შრომობს რათა ჩვენს შვილებს გადაალახინოს ყველა დაბრკოლება, რაც შეიძლება ახლდეს დისტანციურ სწავლებას და ყველა საგნის მასწავლებელს, რომლებიც ასევე აქტიურად არიან ჩართული დისტანციურ სწავლებაში და თითოეული მოსწავლის შრომას აფასებენ. ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლის მე-4(დ)კლასის მშობლები და მოსწავლეები,'' - აღნიშნულია მადლობის წერილში.