დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
,,კორონავირუსზე შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება'' - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმაც მუშავდება და მალე განხორციელებაც დაიწყება:
„ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება ქუთაისის N32 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით. ამიტომ, რადგან სწავლის დაწყებისთვის ემზადება ქვეყანა, რეკომენდირებულია ყველა მასწავლებელი, ვინც ამ პერიოდში ბოლო 2-3 კვირა ისვენებდა ან მოგზაურობდა ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში, პირველ რიგში, აჭარაში და ლეჩხუმში, აუცილებელია დაიცვან პრევენციული ღონისძიებები, არ გამოცხადდნენ 2 კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და იყვნენ თვითიზოლაციაში. ასევე, პირველივე სიმპტომზე დაუკავშირდნენ 112-ს. იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება. ამის გეგმაც მუშავდება და დაიწყება განხორციელება,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.