დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სამართლებრივი ჩარჩოები, მისი დანერგვისა და დაფინანსების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები და პროექტები განიხილეს.
მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის დამაკავშირებელ ხიდს და ეხმიანება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. საგანმანათლებლო პროგრამები საშუალებას იძლევა მოკლე ვადებში მომზადდეს ის ადამიანური რესურსი, რომელიც დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ამავდროულად, პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ამ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტების აღიარება მოხდება.
აღსანიშნავია, რომ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებში ახლად შეტანილი ცვლილებების შედეგად შემუშავდა.