დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“
„წელს გაგრილების სისტემა ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება, გარდა ერთისა,“ - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტებმა შარშანდელთან შედარებით მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ გამოცდების ჩაბარება:
„წელს გაგრილების სისტემა იქნება ყველგან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტები შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთეს პირობებში იყვნენ.გაგრილების სისტემა ერთადერთი ხულოს საგამოცდო ცენტრში არ იქნება, რადგან მხოლოდ დილის სესიაა და გვითხრეს, რომ ხულოში 9 საათზე ნამდვილად არ ცხელა ისე, რომ გაგრილება საჭირო იყოს.“