დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები მომავალი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.
რაც შეეხება სააპელაციო განაცხადების მიღებას, როგორც ცენტრში აცხადებენ, შედეგების გამოქვეყნების დასრულების შემდეგ დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.