დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
„ნუ ეხები მასწავლებელს“ - ახალგაზრდების მხარდაჭერა გარდაბნელ მასწავლებელს
გარდაბნის რაიონის ერთ-ერთი სოფლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ჰამიდ სადიკოვის მხარდასაჭერად ახალგაზრდებმა აზერბაიჯანულ ენაზე ჩაწერეს ვიდეომიმართვა, რომლითაც ნაადრევ ქორწინებას აპროტესტებენ.
„სალამ! ჩვენ მოვედით! ვართ თქვენ წინაშე. მოვდივართ, გავაჟღეროთ ჩვენი თემისა და საზოგადოების საკითხები! მოვდივართ, ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ! მოვდივართ, გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოების ძალით მოტაცება! მოვდივართ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს! მოვდივართ, დავიცვათ ჩვენი კულტურა და ისტორია! ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ! ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი! მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ!“ - ამბობენ ახალგაზრდები ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ გეოგრაფიის მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს სოფლის ცენტრში ადგილობრივებმა საჯაროდ მოახდევინეს ბოდიში იმის გამო, რომ ქორწინებისთვის გოგოს მოტაცება და ადრეულ ასაკში ქორწინება გააპროტესტა. მოგვიანებით მასწავლებელზე ზეწოლის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელით გაავრცელეს.