Baby Bag

ბავშვებს, რომლებსაც გარკვეულ საგნებში ჩამორჩენა აქვთ და მასალის ათვისება უჭირთ, ზაფხულში დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარდებათ - ნიუ-იორკის მერი

ბავშვებს, რომლებსაც გარკვეულ საგნებში ჩამორჩენა აქვთ და მასალის ათვისება უჭირთ, ზაფხულში დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარდებათ - ნიუ-იორკის მერი
ნიუ-იორკის ხელისუფლებამ მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელი წარმოადგინა. განათლების დეპარტამენტის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე ვირტუალური საზაფხულო სწავლების პროგრამის შესახებ ისაუბრეს, რომელიც წარუმატებელი მოსწავლეების დახმარებას ისახავს მიზნად.

პანდემიის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ განათლების სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ უმთავრეს მიზანს დისტანციურ რეჟიმში მოსწავლეების სრულფასოვნად დატვირთვა და მათთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა წარმოადგენს.

„ყველა მოსწავლე მიიღებს დახმარებას, რომელიც მას სჭირდება. ბავშვებს, რომლებსაც გარკვეულ საგნებში ჩამორჩენა აქვთ და მასალის ათვისება უჭირთ, ზაფხულში დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარდებათ. საჭიროების შემთხვევაში მათ დახმარებას შემოდგომაზეც აღმოუჩენენ,“ - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ.

ცვლილებათა უმრავლესობა სწორედ იმ მოსწავლეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა მიმართული, რომლებსაც დაბალი ქულები აქვთ. ბავშვები, რომლებსაც საგნის სათანადო ცოდნა არ აქვთ, საზაფხულო სწავლების პროგრამაში ავტომატურად ჩაერთვებიან. აღნიშნული პროგრამა მერვე და მეთორმეტე კლასელ ბავშვებზეც ვრცელდება, რომლებიც დამამთავრებელ კლასებს მიეკუთვნებიან. ისინი დამატებით გაკვეთილებს აგვისტოს თვემდე მიიღებენ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის შეფასების განსხვავებული მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენება. დაწყებითი კლასის მოსწავლეები მხოლოდ ორი სახის შეფასებას მიიღებენ: „სტანდარტებს აკმაყოფილებს“ ან „გაუმჯობესება სჭირდება.“ მეხუთე-მერვე კლასელებსაც ამ ორი ნიშნულის მიხედვით შეაფასებენ, თუმცა მათ შეფასებას დამატებითი კრიტერიუმი ემატება. თუ მეხუთე-მერვე კლასელი მოსწავლე „მიმდინარე კურსის“ კატეგორიაში მოხვდება, მას დამატებითი საზაფხულო და საშემოდგომო პროგრამის გავლა მოუწევს. მაღალ კლასებში მოსწავლეები სტანდარტულად შეფასდებიან, მაგრამ მათ მიერ მიღებული შეფასებები GPA-ზე გავლენას არ იქონიებს. მოსწავლეები საგნებს ან ჩააბარებენ, ან მათი გავლა ხელახლა მოუწევთ, თუმცა ეს ქულების საშუალო მაჩვენებელზე არ აისახება.

საშუალო საფეხურის მოსწავლეებს 2021 წლის იანვრამდე საკურსო ნაშრომები, პრეზენტაციები და გამოცდები ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ. ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტი 247 000 მოსწავლეს Ipad-ებს გადასცემს, რათა მათ ინტერნეტთან მუდმივი წვდომა ჰქონდეთ და სწავლაში ხელი არ შეეშალოთ. ოჯახებს, რომლებსაც სახლში კომპიუტერი არ აქვთ, მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა მოუწევთ, რათა Ipad-ები მოითხოვონ.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებიც სკოლის დამთავრებას საზეიმოდ ვერ აღნიშნავენ, ფართომასშტაბიან ვირტუალურ ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. „მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას ვგეგმავთ, რომელიც ძალიან განსაკუთრებული იქნება.“ - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

ბილ დელ ბლაზიო სკოლის მოსწავლეებს ტვიტერზეც გამოეხმაურა: „თუ გრძნობთ, რომ ბევრ სირთულესთან გიწევთ გამკლავება, იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენი გვესმის. ამ გზაზე მარტო არ ხართ, ჩვენ ყველაფერში მხარს გიჭერთ. მე ვხედავ, როგორი შთამაგონებელი და ექსტრაორდინალური ადამიანები ხართ. წინ ნათელი მომავალია, რომელსაც თქვენ ქმნით. დიდი მადლობა!“

ვირტუალური ცერემონიის შესახებ მოსწავლეები დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებენ.


მომზადებულია ​edition.cnn.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს. 

რეგისტრაციისათვის მსურველები უნდა შევიდნენ შემდეგ მისამართზე: https://plus.etwinning.net/en/pub/index.htm დააკლიკონ ფანჯარაზე login/register და შემდეგ მიჰყვნენ ბმულს don’t have an account? Get started

გაითვალისწინეთ!!!

  1. ინფორმაცია ივსება ინგლისურ ენაზე;
  2. სახელი და გვარი მითითებული უნდა იყოს ისე, როგორც წერია პირადობის მოწმობაში;
  3. სკოლის სახელწოდება უნდა შეივსოს სრულყოფილად. მაგ: LEPL Tbilisi N0 Public School ; LEPL Khashuri Municipality Village ….. Public School
  4. რეგისტრაციისას გამოიყენეთ მოქმედი მეილი.

რეგისტრაციის პროცესი:

ნაბიჯი N1:

რეგისტრაციის დასაწყებად მომხმარებელი უნდა შევიდეს eTwinning-ის პორტალზე https://plus.etwinning.net/en/pub/index.htm დააკლიკოს ფანჯარაზე login/register და შემდეგ მიჰყვეს ბმულს don’t have an account? Get started , პირველ ეტაპზე მომხმარებელი გადავა წინასწარ სარეგისტრაციო გვერდზე და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას.

ამის შემდგომ, მომხმარებელი მიიღებს ელ. ფოსტაზე სარეგისტრაციო ბმულს. ბმულზე გადასვლის შემდეგ ინფორმაცია დაყოფილია ოთხ ნაწილად 1) about your school 2) about yourself 3) Twinning preference 4) Preview & validation

ნაბიჯი N2: about your school

მომხმარებელმა უნდა მიუთითოს სკოლის სახელწოდება სრულყოფილად.

სკოლის საძიებო ველში მიუთითეთ რეგიონი და ქალაქი. თუ თქვენთვის სასურველი სკოლა არ იქნება ჩამონათვალში, გამოჩნდება ფანჯარა ‘Add a new school’ და მომხმარებელმა დეტალურად უნდა შეავსოს ინფორმაცია სკოლის შესახებ.

ნაბიჯი N3:

მომხმარებელი ავსებს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ, რა როლი აქვს სკოლაში, რომელ საგანს ასწავლის, რომელ ენებს ფლობს და ა.შ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, როდესაც დაიწყებთ Twinning preferences -ის შევსებას, სადაც იქნებ შემდეგი ფანჯარა : Briefly describe yourself (interests, why you registered in eTwinning, etc.). ამ ველში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი, რათა ადვილად მოხდეს თქვენი იდენტიფიკაცია.

ნაბიჯი N4: Preview and Validation

ეს არის ბოლო ეტაპი, Submit ღილაკზე დაკლიკებით მიიღებთ შეტყობინებას მეილზე რეგისტრაციის შესახებ.

რეგისტრაცია გაუქმდება, თუ :

  • აპლიკაცია შევსებული იქნება ქართულ ენაზე;
  • სკოლის სახელწოდება იქნება არასრულად შევსებული;

კითხვების შემთხვევაში მისწერეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: www.etwinningplus@tpdc.ge

შეგახსენებთ, რომ პროგრამა eTwinning Plus-ს ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს, მისი მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. eTwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად