Baby Bag

გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი

გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი
„მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი არ გაუქმებულა და მისი შევსება სავალდებულოა,“ - ამის შესახებ ​Yts.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

როგორც მასწავლებლის სახლში განმარტეს, ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი აღნიშნული კითხვარის გაუქმებასთან დაკავშირებით:
„წერილობითი განაცხადი, რომ თვითშეფასების კითხვარი გაუქმდა, არ არსებობს. შესაძლოა, სამომავლოდ გაუქმდეს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კითხვარის შევსება ამ ეტაპზე ისევ სავალდებულო აქტივობად რჩება მასწავლებლებისთვის,“ - განაცხადეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

თვითშეფასების კითხვარის შევსება პედაგოგებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ევალებათ. ცენტრის ინფორმაციით, თვითშეფასების კითხვარის მიზანია, მასწავლებელმა ადეკვატურად შეაფასოს თავისი საქმიანობა, გამოკვეთოს და გააანალიზოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ცნობისთვის, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებების პარალელურად თვითშეფასების კითხვარი ერთხელ უკვე შეიცვალა და ის საგრძნობლად შემცირდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სკოლებში აკადემიური წლის გამოცხადებას მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება - გენადი მარგველაშვილი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სკოლებში აკადემიური წლის გამოცხადებას მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება - გენადი მარგველაშვილი

„ჩვენი კომიტეტი მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სკოლებში აკადემიური წლის გამოცხადებას“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც მან პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აკადემიური წლის გამოცხადების შემთხვევაში პირველკლასელების მისაღებად სკოლებში ინფრასტრუქტურა არ იქნება.

„მოქალაქეთა მცირე ჯგუფი გამოდის ინიციატივით, მიმდინარე სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა, დისტანციური სწავლების მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა-განვითარებამ განაპირობა ის, რომ სწავლის პროცესი გრძელდება, რაც ეხმარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. ზემოთ აღნიშნული კი აზრს უკარგავს მიმდინარე სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადების იდეას. აკადემიური წლის გამოცხადებას ჩვენი კომიტეტი მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება, უბრალოდ წარმოვიდგინოთ, ამას რა შეიძლება მოჰყვეს გაისისთვის. ჯერ ერთი - პანდემიიდან გამომდინარე, არავინ იცის, 2-3 თვის შემდეგ როგორ გაგრძელდება მოვლენები. იმ შემთხვევაში, თუ სკოლებში ისევ იგივე საზოგადოება გვეყოლება, უბრალოდ, ვეღარ მოვახერხებთ პირველკლასელების რეგისტრაციის დადასტურებასაც კი, რადგან ამისთვის სკოლებში ადგილი და ინფრასტრუქტურა არ გვექნება“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

განათლების, მეცნიერების და კულტურისა კომიტეტის თავმჯდომარემ განათლების სამინისტროს, სკოლების დირექტორებსა და ამინისტრაციას მოუწოდა, მოწყვლადი ჯგუფებისთვის გააძლიეროს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის პროგრამა:

„ეროვნული სასწავლო გეგმა იმდენად მოქნილია თავისი იდეით, რომ შესაძლებელი გახდება ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფების ჩართვა სასწავლო პროცესში. არსებობენ ისეთი მოსწავლეები, როლებსაც არ აქვთ წვდომა არც ონლაინ გაკვეთილებზე და არც ტელევიზიაზე. ამ შემთხვევაში, მოვუწოდებდი სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციას, განათლების სამინისტროს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ასეთ ბავშვებს, რომ ისინი სასწავლო პროცესში ჩართულები იყვნენ,“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების და კულტურისა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გენადი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს და განაცხადა, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში პედაგოგები განსაკუთრებულად შრომობენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები იქნას მიღწეული.

წაიკითხეთ სრულად