Baby Bag

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკის ტესტის გამსწორებელთა კონკურსს აცხადებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკის ტესტის გამსწორებელთა კონკურსს აცხადებს

მათემატიკის ტესტის გამსწორებლების შესარჩევი კონკურსი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 24 მაისს ჩატარდება, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე http://emarker.naec.ge​/eMarker 16 მაისს (სასურველი ბრაუზერი: Mozila Firefox და Google Chrome).
„კონკურსის დაწყებამდე, 16 მაისიდან - 22 მაისის ჩათვლით, მონაწილეებს საშუალება ექნებათ ივარჯიშონ - გაასწორონ ნაშრომები ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
ამისათვის საჭიროა, რომ კანდიდატი გაეცნოს ქვემოთ თანდართულ ფაილში მოცემულ დავალებებსა და მათ შეფასების სქემებს; შემდეგ კი დაიწყოს ვარჯიში ამგვარად:
ვებგვერდზე http://emarker.naec.ge/e​Marker შესვლის შემდეგ დააჭიროს ღილაკს „გასწორების გვერდზე გადასვლა“, წაიკითხოს კონკრეტული დავალების პასუხი, საკუთარი შეფასება ჩაწეროს ქვემოთ ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილ უჯრებში და დააჭიროს ღილაკს „შენახვა“. შემდეგ ეს პროცედურა უნდა გაიმეოროს იმდენჯერ, სანამ არ ამოიწურება გასასწორებელი დავალებები და გამოჩნდება წარწერა „დავალება არ მოიძებნა“.

მათემატიკის საგამოცდო ტესტის გამსწორებელთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით 24 მაისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. მსურველებს საშუალება ექნებათ სახლიდან შევიდნენ ბმულზე http://emarker.naec.ge/eMa​rker და გაასწორონ აბიტურიენტთა ნამუშევრები, რათა გამოავლინონ საკუთარი კომპეტენცია.

არაუგვიანეს 15 ივნისისა შედგება რეიტინგული სია და კონკურსის შედეგები ეცნობებათ წარმატებულ მონაწილეებს.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (მათემატიკის სპეციალისტი) და/ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტი (კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში);
  • ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
ამ ფაილში მოცემულია დავალებები და მათი შესაბამისი პასუხები, რომ მსურველებმა კონკურსამდე შეძლონ ვარჯიში,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სკოლა ვალდებული იქნება, შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები''

,,სკოლა ვალდებული იქნება, შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები''

სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები. კანონში შესატანი ცვლილების ინიცირება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხორციელდა.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს.

„კოვიდ19-მა დაგვანახა, რომ ეს აქტუალური საკითხია და სწორად, კომპლექსურად უნდა იყოს გადაჭრილი. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ცვლილება შედის მოქმედი კანონის თვითონ 26-ე მუხლში, როლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესს.

„კანონპროექტით, 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება“, - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

წაიკითხეთ სრულად