პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეიქმნება თუ არა მასწავლებლების სკოლიდან გაშვების მექანიზმი - განათლების მინისტრის პასუხი
შეიქმნება თუ არა, იმ მასწავლებლების სკოლიდან გაშვების მექანიზმი, რომლებიც ვერ, ან არ აბარებენ საკუთარი საგნის გამოცდას - აღნიშნულ თემაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პირველი არხის ეთერში ისაუბრა. მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე განათლების სამინისტრო მასწავლებლების სკოლიდან გაშვებას არ გეგმავს, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კონკრეტული შედეგებიდან გამომდინარე მიიღებს.
„პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს. ამ რეფორმის ფარგლებში პედაგოგების მაქსიმალური ჩართულობა უნდა გვქონდეს. ამიტომ, პირველი რიგის ამოცანა ჩვენთვის არის, რომ ყველა პედაგოგს მაქსიმალურად დავეხმაროთ, საშუალება გავუჩინოთ იგივე მატერიალური კუთხით, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს. თუმცა ამის პარალელურად, ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, ახალი პედაგოგი გაჩნდეს, რომელიც შესაბამისი პირობებით იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.