პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''
,,სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება,'' – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან.
„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება.
„იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებს და სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.