პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენა კვლავ გადაიდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის ამ დრომდე (10 მაისამდე) გადაიდება. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს.
„ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც სასწრაფოდ არის მისაღები იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისე მისი სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.