Baby Bag

საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით ლიდერ ქვეყნებად დასახელდა

საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით ლიდერ ქვეყნებად დასახელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.

სამიტში მონაწილეობდნენ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (UNESCO), ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტი ლიდერი.

სამიტის მოდერატორმა, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა მიხეილ ჩხენკელის გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს წარმატებულ მაგალითზე და COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელს ანდრეას შლაიხერს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არსებული დინამიკა არ უქმნის საფრთხეს სწავლის დაწყებას'' - ამირან გამყრელიძე

,,არსებული დინამიკა არ უქმნის საფრთხეს სწავლის დაწყებას'' - ამირან გამყრელიძე

,,თუ ჩვენ იმ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის სწავლის დაწყებას'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, შესაძლებელია, მეორე ტალღა აღარ იყოს:

„თუ ყველა დავიცავთ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, დიდი ალბათობით, მეორე ტალღაში, შეიძლება, არ შევიდეთ. აქამდე ქართველებს დამყოლობა ჰქონდა ძალიან კარგი, ამ 3-4 თვის განმავლობაში, ამიტომ მოვედით ამ მდგომარეობამდე, სწორედ ამიტომ არის ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებლი შედარებით დაბალი, ვიდრე ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. თუ ჩვენ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას და არც სხვა ღონისძიებებს. თუ ჩვენ არ გავუფრთხილდით ამ ერთობლივ მონაპოვარს და „ავიშვით“, მაშინ ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი არსებობს. ეპიდსიტუაციის მიხედვით გადაწყდება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება თუ არა. თხოვნა მაქვს, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად