ერთი თვის მონაცემების მიხედვით, „ტელესკოლის“ გაკვეთილები 1TV.GE-ზე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ტელესკოლის იუთუბ არხზე – 700 000-ზე მეტმა. პროექტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ონლაინ მედიაში ტელეგაკვეთილებს სულ უფრო მეტი ადამიანი უყურებს.
„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომელიც პირველი არხი I განათლების ეთერში 30 მარტს დაიწყო. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.
ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.
გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.
გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდა დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის არის სპორტის, სიმღერის, ხატვის და ცეკვის გაკვეთილები.
წყარო: 1TV.GE