Baby Bag

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვს უთხრეს, ტორტი არ გეკუთვნის, ფული არ დაგიდიაო - კლასის დამრიგებელს სახდელი დაეკისრა

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვს უთხრეს, ტორტი არ გეკუთვნის, ფული არ დაგიდიაო - კლასის დამრიგებელს სახდელი დაეკისრა

​არასამთავრობო ორგანიზაციის, „პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, დამრიგებლის საჩუქრის გამო დაწყებული კონფლიქტი, მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებით დასრულდა.

გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად:

„თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის მშობელმა ჩვენს ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარების მიზნით მომართა. მშობლის განმარტებით, კლასის სხვა მშობლებთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დამრიგებლის საჩუქრისთვის გამიზნული თანხის დადებაზე უარი განაცხადა და თანხის ნაწილი მხოლოდ იმ ტკბილეულისთვის გადაიხადა, რომლითაც მშობლები ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებს უნდა გამასპინძლებოდნენ. ღონისძიებაზე ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვს უთხრა, რომ მას წესით ტორტი არ ეკუთვნოდა, რადგან მის მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული და ტკბილეულის ჭამის ნება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ შეეცოდათ.

აღნიშნულის შემდეგ, ბავშვი ატირებული გაიქცა ეზოში, სადაც დედა ელოდებოდა. დედამ ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა. ამ და სხვა შეუსაბამო ფაქტებთან დაკავშირებით მშობელი მუდმივად აყენებდა საქმის კურსში დამრიგებელს, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია და ბავშვის დასაცავად არაფერი მოუმოქმედებია. მომხდარის შემდეგ, ბავშვის კლასიდან გაშვების მიზნით, ამავე კლასის 15-მა მშობელმა დაწერა განცხადება მათი შვილების სხვა კლასში გადაყვანის მოთხოვნით, რის შესახებაც ინფორმაციას არა თუ ფლობდა დამრიგებელიც, ახალისებდა მშობლების დამოკიდებულებებს, რამაც უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესს შორის დასვენებებზე კლასს არ ტოვებდნენ, რაც იყო დამრიგებლის კატეგორიული მოთხოვნა.

PHR-ის იურისტების დახმარებით, მშობელმა მიმართა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს კლასის დამრიგებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით. დისციპლინური კომიტეტის სხდომები მიმდინარეობდა დაძაბულ რეჟიმში, მშობლებისა და დამრიგებლის მწვავე განცხადებების ფონზე. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, დამრიგებელს არ დაეკისრა დისციპლინური სახდელი, რის შემდეგაც PHR-მა აღნიშნული გადაწყვეტილება, სკოლის შინაგანაწესის დაცვის შესაბამისად, სკოლის სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა. სამეურვეო საბჭოს მიერ საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, საბჭომ დაადგინა მასწავლებლის მხრიდან გადაცდომის ფაქტი, რის შედეგადაც დამრიგებელს დაეკისრა დისციპლინური სახდელი – შენიშვნის სახით“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8-12 იანვარს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8-12 იანვარს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8-12 იანვარს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და მასში 6000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

რა უნდა ვიცოდეთ ოლიმპიადის მიმდინარეობის შესახებ:

✔️მოსწავლე უნდა გამოცხადდეს მოსაწვევზე მითითებულ საგამოცდო ცენტრში, მითითებულ დროს;
✔️ტესტთან ერთად მოსწავლე მიიღებს პასუხების ფურცელს. ანონიმურობის უზრუნველსაყოფად მასზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი;
✔️განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მათი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს);
✔️ნაშრომი არ გასწორდება, თუ: მოსწავლე პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, დაახატავს რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

მესამე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 50%-ს და, ამასთან ერთად, მოხვდება რეიტინგული სიის პირველ 50 მოსწავლეს შორის.

დეტალები იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2059.

წაიკითხეთ სრულად