Baby Bag

განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშრებით საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს აცხადებს -  „გაცოცხლებული სურათები“. 

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან ანიმაციური ვიდეორგოლები, რომლებშიც ნიკო ფიროსმანის ნახატებს გააცოცხლებენ. გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებითა და სხვა ტიპის საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გამოვლენა განვითარება.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში: პირველი კატეგორია - VII-IX კლასის მოსწავლეები და მეორე კატეგორია - X-XII კლასის მოსწავლეები;
  • მოსწავლემ უნდა შექმნას ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებს ნიკო ფიროსმანის ნახატებს;
  • ანიმაციური ვიდეორგოლის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ციფრული თუ სხვა ტიპის უკვე არსებული რესურსი, ასევე მოსწავლეების მიერ თავად შექმნილი ნახატები;
  • მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ფიროსმანის ბიოგრაფიის ისტორიები და მათ მიხედვით შეიმუშაონ ანიმაციური ვიდეორგოლის სიუჟეტი;
  • ვიდეორგოლი უნდა იყოს გახმოვანებული/გაფორმებული მუსიკალურად;
  • ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ​„გაცოცხლებული სურათები“

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 22 ივლისიდან დაიწყება

მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 22 ივლისიდან დაიწყება
მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება.
უწყების ცნობით, გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილი იქნება სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილი იქნება პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

წაიკითხეთ სრულად