„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან
ჩინური ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლოა, ჩაუტარდეთ მასწავლებლებსა და ბაღის აღმზრდელებს. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის - „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ა.შ დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და შემდეგ კი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.