„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნაეკი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს.
ცენტრის ინფრომაციით, მონაწილე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.
მასწავლებელი ბარათის ამოსაბეჭდად უნდა ეწვიოს ვებგვერდს - online.naec.ge, გახსნას ფანჯარა „მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება“, მიუთითოს რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელფოსტის მისამართი და 5 ნიშნა კოდი. ამის შემდეგ, დააჭიროს ღილაკს „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
აპლიკანტმა უნდა დაიმახსოვროს ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ ნომრის საშუალებით მასწავლებელი შეძლებს შედეგების გაგებას! ბარათის დაკარგვის შემთხვევაში უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე online.naec.ge-ზე ელფოსტის მისამართითა და 5 ნიშნა კოდით და ხელახლა ამობეჭდოთ იგი.