Baby Bag

​საჩუქარი თვითიზოლაციაში მყოფ მოსწავლეებს! - რა არის ლუპი?

​საჩუქარი თვითიზოლაციაში მყოფ მოსწავლეებს! - რა არის ლუპი?

დღეს გვსურს მოგითხროთ ​ლუპის შესახებ.

ლუპი არის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა II – IX კლასელთათვის, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ქართული, ინგლისური და მათემატიკა სახლის პირობებში ისწავლონ.

სოციალურ ქსელში, ალბათ, თვალს მოკრავდით ლუპის განცხადებას - კომპანია თვითიზოლაციის პერიოდში დისტანციური განათლების ხელშესაწყობად მოსწავლეებს თავისი სერვისის პრემიუმ პაკეტს სრულიად უფასოდ სთავაზობს.

ჩვენ ვესაუბრეთ ლუპის დირექტორს - ირაკლი ჯინჯიხაძეს და მას რამდენიმე კითხვა დავუსვით. გვსურს გაგიზიაროთ ინტერვიუ:

- შეგიძლიათ, მოკლედ აგვიხსნათ, რა არის და როგორ მუშაობს ლუპი?

- ლუპი არის სასწავლო პლატფორმა II – IX კლასელთათვის, რომლებსაც სურთ, სახლში ისწავლონ ქართული, ინგლისური და მათემატიკა. მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: მოსწავლე რეგისტრირდება, ირჩევს კლასსა და საგანს და იწყებს დღიური დავალებების შესრულებას. დავალებების შესრულებისას მოსწავლე აგროვებს ქულებს, რითიც წინ მიიწევს რეიტინგში. ეს მას მოტივაციის შენარჩუნებაში ეხმარება, რაც სახლში სწავლისას ძალიან საჭიროა.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოსწავლემ ლუპით ისარგებლოს?

- ბევრი არაფერი. საჭიროა კომპიუტერი, ტაბლეტი ან სმარტფონი, ინტერნეტთან წვდომა და საიტზე რეგისტრაცია.

- რით გამოირჩევა ლუპი სხვა სასწავლო პლატფორმებისგან?

- ლუპი არის დაფუძნებული ხელოვნურ ინტელექტზე. საიტის ალგორითმი ისე არის შექმნილი, რომ კურსი ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად მოერგოს. ყოველი მომდევნო კითხვა დამოკიდებულია წინა კითხვებზე გაცემულ პასუხებზე და დაახლოებით 100 კითხვის შემდეგ ლუპი სრულად პერსონალური ხდება.

გარდა ამისა, ჩვენი ტესტების ბაზა აღემატება 70 000-ს, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, უსასრულოდ (თითქმის) აკეთოს ახალი ტესტები და არ ტკეპნოს ერთი ადგილი.

ჩვენ თითოეული მოსწავლის შრომას ვაფასებთ, ამიტომ 30 დღე სტაბილურად მეცადინეობის შემდეგ მოსწავლეს გადაეცემა დიპლომი სიბეჯითის ნიშნად.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ სერვისი უფასო გაგეხადათ?

- პანდემიის გამო თვითიზოლაცია უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გახდა და მოსწავლეებს დასჭირდათ დისტანციური განათლების გზა. ზოგმა სკოლამ შეძლო თავისი მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილების უზრუნველყოფა, თუმცა ბევრი მოსწავლე ამ ვითარებაში საბაზისო განათლების გარეშე დარჩა.

ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ ასეთი მოსწავლეებისთვის ხელი შეგვეწყო არა ფასდაკლებით ან ვაუჩერით, არამედ დისტანციური განათლების სრულიად უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი წყაროთი. სწორედ ამიტომ გავხადეთ ლუპის 240-ლარიანი პრემიუმ პაკეტი უფასო 2019-2020 სასწავლო წლის დასრულებამდე.

- ეს თქვენთვის წამგებიანი არ იქნება?

- რა თქმა უნდა, ეს აისახება კომპანიის შემოსავალზე, თუმცა პირდაპირი გაყიდვების გარდა შემოსავლის სხვა წყაროებიც არსებობს. ამ ვითარებაში ჩვენთვის მოსწავლეთათვის განათლების წყაროს შენარჩუნება უფრო პრიორიტეტულია.

- ვისაც აქამდე უკვე გადახდილი ჰქონდა ლუპის პრემიუმ პაკეტის ღირებულება, მათ რამე შეღავათი ეკუთვნით?

- მათ, ვისაც ლუპის პრემიუმ პაკეტი უკვე შეძენილი ჰქონდათ, პაკეტით სარგებლობის ვადა 3 თვით გაუხანგრძლივდათ.

დასარეგისტრირებლად და მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ლუპის ვებ-გვერდს - Lupi.Ge
R.

#დარჩისახლში და ისწავლეთ დისტანციურად.

შეიძლება დაინტერესდეთ

გაეცანით პასუხების მონიშვნის ინსტრუქციას, რომ გამოცდაზე შეცდომა არ დაუშვათ

გაეცანით პასუხების მონიშვნის ინსტრუქციას, რომ გამოცდაზე შეცდომა არ დაუშვათ

გთავაზობთ პასუხების მონიშვნის ინსტრუქციას, რომ გამოცდაზე შეცდომა არ დაუშვათ.

პასუხების ფურცელზე მოძებნეთ დავალების შესაბამისი ნომერი. თქვენ მიერ არჩეული პასუხი აღნიშნეთ X ნიშნით. მაგალითად, თუკი მე-3 საკითხის პასუხად აირჩიეთ B პასუხის ვარიანტი, მაშინ პასუხების ფურცელზე უნდა მოძებნოთ მე-3 საკითხის დავალების რიგი და ამ რიგში, პასუხის (B) სვეტის შესატყვის უჯრაში დასვათ X ნიშანი. დასაშვებია, რომ X ნიშანი გამოსცდეს თეთრ უჯრას, მაგრამ იგი არ უნდა იყოს უჯრაზე მოკლე. თითოეული საკითხის შესაბამის რიგში უნდა მონიშნოთ მხოლოდ ერთი პასუხი, ანუ მხოლოდ ერთ უჯრაში დასვით X ნიშანი. თუ რიგში ერთზე მეტ X ნიშანს დასვამთ, ამ საკითხის არც ერთი პასუხი არ ჩაითვლება სწორად. თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გასწორება, მთლიანად გააფერადეთ უჯრა, რომელშიც დასვით X ნიშანი, და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ უჯრაში). ელექტრონული პროგრამა არჩეულ პასუხად მხოლოდ X ნიშნიან უჯრას აღიქვამს. ღია დავალებების შემთხვევაში პასუხების ფურცელზე, დავალების შესაბამისი ნომრის გასწვრივ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ჩაწერეთ თქვენი პასუხი. შესაძლებელია პასუხის გადასწორება (არასწორი პასუხის გადახაზვა და გვერდით სწორი პასუხის დაწერა). თქვენი პასუხი არ უნდა გასცდეს დავალებისათვის გამოყოფილ არეს. პასუხების ფურცლის ნიმუში მოცემულია ცალკე ფაილად.

წაიკითხეთ სრულად