Baby Bag

სკოლის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლეს გადაბარების საშუალება მიეცეს

სკოლის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლეს გადაბარების საშუალება მიეცეს
სკოლის საატესტატო გამოცდებში (ე.წ. CAT) ჩაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლეს გადაბარების საშუალება მიეცეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.
„ჩემი რეკომენდაციაა მოსწავლეებს მივცეთ გადაბარების შანსი, რადგან დღეს ძალიან დიდი რისკის მატარებელია საატესტატო გამოცდების თითოეული ეტაპი და წარმატებულმა მოსწავლემ, თუნდაც ერთ გამოცდაში წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ვეღარ შეძლოს სწავლის გაგრძელება შემდგომ ეტაპებზე. არის ქვეყნები, სადაც არსებობს საკომპენსაციო, დამაბალანსებელი ქულის მექანიზმი. მაგალითად, არაერთი მოსწავლის შემთხვევა ვნახეთ, რომ 8 სავალდებულო გამოცდიდან მან ჩააბარა 7, მაგრამ ერთ გამოცდაში ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი. მინიმალური ბარიერის უკან დგას სისტემა, რომელიც უცნობია პედაგოგებისთვისაც კი. ეს არის საკმაოდ დახურული სისტემა. ასეთი მაღალი რისკის მატარებელი ტესტი არ უნდა იყოს, ან უნდა მივცეთ მოსაწავლეებს საშუალება ალტერნატიული გზით დაადასტურონ საკუთარი ცოდნა. თუ მოსწავლე 7 გამოცდას აბარებს და ვერ აბარებს ერთს, რომელიც შეიძლება მისთვის პროფილური საგანი არ იყოს, ხდება შედეგების გათანაბრება, ეს დაახლოებით, საშუალო ქულის გამოყვანაა,“ - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი როგორც საატესტატო, ისე ეროვნული გამოცდების სისტემაში ფუნდამენტურ ცვლილებებს გეგმავს, რომელიც 2020 წლიდან შევა ძალაში.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. მოგეხსენებათ, 2020 წლიდან ფუნდამენტური ცვლილება მოხდება როგორც საატესტატო, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში. მათ შორის უნდა ველოდოთ დუბლირების შემცირების კუთხით გაერთიანებასაც. 2019 წლისთვისაც ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს არის მინისტრის პრეროგატივა, რომელიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. შესაძლოა, გამოცდებთან დაკავშირებით 2019 წელსაც ველოდოთ გარკვეულ ცვლილებებს, მაგრამ ეს არ იქნება ფუნდამენტური ცვლილებები. ჩემი პირადი ხედვა არის, რომ დუბლირება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რადგან არ შეიძლება ერთი და იგივე საგანს ვაბარებინებდეთ ბავშვებს როგორც საატესტატო გამოცდებში, ასევე ეროვნულ გამოცდებში. საერთაშორისო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, იქ არის ერთი კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგამოცდო სისტემა, რომლის ჩაბარების შემდეგაც მოსწავლე ადასტურებს თავისი ცოდნის დონეს. ძირითადად, ეს არის 3 ან 4 სტანდარტული გამოცდა, შემდეგ კი, უნივერსიტეტები საკუთარი უფლებამოსილების და წესდების მიხედვით განსაზღვრავენ სტუდენტების ჩარიცხვის წესებს.

ჩემთვის მთავარია, აუცილებლად გადაიხედოს საატესტატო გამოცდები, შემცირდეს დუბლირება და აქცენტი გავაკეთოთ არა ტესტების ჩაბარებაზე, არამედ ტესტების შინაარსობრივ ნაწილზე. ჩვენ ახლა ვართ ტესტებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სისტემაში, მაგრამ უნდა ვიყოთ მოსწავლის განვითარებაზე და მის შემოქმედებაზე ორიენტირებული, ჩვენ ხარისხზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

წყარო: ​ipn.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდება

გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდება

მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის 10 დეკემბერს, 15:00 საათზე ვებინარი ჩაატარდება. ვებინაზე განხილული იქნება თემა „მდგრადი განვითარების მიზნები“ და ასევე აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებს გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლებისთვის ამ მიზნების უკეთ გაცნობასა და გაცნობიერებაში.

ვებინარებში მონაწილეობა შეეძლება გეოგრაფიის ყველა მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს. ვებინარში ჩართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა. მასწავლებლებს შეეძლებათ კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება.

ვებინარებზე ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ამ ბმულზე - ​„მდგრადი განვითარების მიზნები და აქტივობები მათი სწავლებისათვის“.

ვებინარებს გაუძღვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის გეოგრაფიის კონსულტანტი, გეოგრაფიის დოქტორი მაია ბლიაძე.

წაიკითხეთ სრულად