Baby Bag

საქართველოს მეორე არხზე მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები გავა

საქართველოს მეორე არხზე მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები გავა

საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად გადაკეთდება. ამ სიახლეს ითვალისწინებს განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“, - ინფორმაციას საზოგადოებ​რივი ​მაუწყებელი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ახალი პროექტისთვის ასევე გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმა: ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის youtube და ფეისბუქგვერდები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შემუშავების პროცესშია სასწავლო საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი), რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

„ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის ცნობილი პედაგოგები ჩაატარებენ. გამოყენებული იქნება წამყვანი კომპანიების მიერ გადაღებული სასწავლო ფილმებიც.

აღნიშნული პროექტის დაწყება კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას უკავშირდება, თუმცა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი ვითარების განმუხტვის შემდეგაც გაგრძელდება,“ - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილების ნახვის საშუალება ექნებათ.

უაღრესად მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ. ეს გახლავთ „ტელესკოლის“ პროექტი, სადაც ყველა მოსწავლეს განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, ექნება საშუალება, ნახოს ძალიან საინტერესო, საუკეთესო გაკვეთილები ყველა საგანში“,  - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პროექტი იქნება გრძელვადიანი და მიზნად ისახავს საქართველოს მეორე არხის საგანმანათლებლო არხად გადაქცევას.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“



შეიძლება დაინტერესდეთ

1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის I-VI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახიდან გააგრძელებენ სწავლას

1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. ფოთსა და გორში ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახიდან გააგრძელებს სწავლას,“ - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. 

წაიკითხეთ სრულად