Baby Bag

სადეზინფექციო სამუშაოები ამ ეტაპზე 1429 საჯარო სკოლაში ჩატარდა

სადეზინფექციო სამუშაოები ამ ეტაპზე 1429 საჯარო სკოლაში ჩატარდა

სადეზინფექციო სამუშაოები ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 1429 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

„საქართველოს ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროფესიულ კოლეჯებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა.

ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებისთვის, პროფესიული და უმაღლეს სასწავლებლებისთვის სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებები პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს,“ - წერია სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად