კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები ნაადრევად დაიწყო. არდადაგების თარიღის შეცვლის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა.
„საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2 მარტიდან 16 მარტამდე,“ - წერია ბრძანებაში.
დოკუმენტში არ არის აღნიშნული, რომ სკოლებს 2 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდის ანაზღაურება მოუწევთ (2 მარტიდან 16 მარტამდე პერიოდი არდადეგებადაა გამოცხადებული). თუმცა, როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში Momsedu.ge-ს განუმარტეს, სკოლებმა დაუგეგმავი არდადეგები უნდა აღადგინონ:
„სკოლებს ადრე დაწყებული არდადეგების გამო გაცდენილი საათების ანაზღაურება მოუწევთ, საუბარია 4 დღეზე (3 მარტი ისედაც ოფიციალური დასვენებაა). სკოლები თავად გადაწყვეტენ, რომელ პერიოდში აღადგენენ ამ დღეებს - შაბათობით, თუ სასწავლო პროცესის დასრულების (15 ივნისის) შემდეგ,“ - აღნიშნეს სამინისტროში.