Baby Bag

ირინა აბულაძემ განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ირინა აბულაძემ განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ირინა აბულაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო, შემიძლია გაგიზიაროთ ახალი ამბავი. მივიღე გადაწყვეტილება, არსებული პოსტი დავტოვო და ცხადია, გავაგრძელო ამ საქმის და გუნდის ერთგულება რეფორმის დანერგვის შემდეგ ეტაპზე. ჩემს გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით.

ძალიან მოკლედ გავიხსენებ ამ პერიოდის ჩემთვის ერთ-ორ მნიშვნელოვან განვითარებას, და აქვე, პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი ყოფილ მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, ჩვენს გუნდს სამინისტროში, ჩემს კოლეგა მინისტრის მოადგილეებს ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სხვა სამინისტროებიდან, ასეთი აქტიური და ნამდვილად შესაშური (7/24) თანამშრომლობისთვის!

პირველი ოფიციალური შეხვედრა, დანიშვნიდან პირველივე შაბათს ფინანსთა სამინისტროში გვქონდა, სადაც ითქვა, რომ უნდა დაიდოს განათლების რეფორმის სისტემური ხედვა ყველა დონეზე, არა ცალკეულად აღებული ზოგადი ან რომელიმე საფეხურის. რა თქმა უნდა აქ მნიშვნელოვანი მათ შორის კავშირების დანახვა იყო,თუ როგორ უწყობს თითოეული საფეხურის განვითარება, შემდეგის განვითარებას ხელს. იმ და შემდეგ ბევრ შეხვედრაზე, მათშორის საერთაშორისო და საფინანსო ორგანიზაციებთან ვმსჯელობდით განათლების სისტემის განვითარებაზე, კვლევებზე და საქართველოს სპეციფიკაზე, ესგ ჯგუფის მიერ მომზადებულ კონცეფციაზე, რომელიც რეფორმის დაწყებას სწორედ საკლასო ოთახიდან გულისხმობდა... მიღწევებზე და იმ ფუნდამენტზე, რაზეც აუცილებლად უნდა დაშენებულიყო ეს ხედვა.

ამ ყველაფერთან სინქრონში დავიწყეთ მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს შევთავაზეთ არჩევანი - სურვილის შემთხვევაში მათი ღირსეული გაცილების გზით.

წახალისებაზე ორიენტირებული სისტემა, სკოლების მართვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, ამისათვის სკოლების "დარუქების" პროექტის დაწყება (რომლის სოფტი MCC/MCA შეგვიძინა), - სადაც EMIS ბაზაზე ამ ეტაპისთვის სისტემაში ჩაშენდა უამრავი მონაცემი და დაიხაზა საფეხმავლო გზებიც კი, უბნის დონეზეა შესული მონაცემები მოსწავლების შესახებ და განათლებაზე ხელმისაწვდომობის სრული ანალიზია შესაძლებელი. შემდგომ კი მოსწავლეთა შედეგების და სკოლების თვით/შეფასების ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა..

ეს ყველაფერი კი მიმართულია სკოლების გაძლიერებისკენ გადაიქცნენ სოციალურ-კულტურულ, მულტიფუნქციურ განათლებისა და აღზრდის კერებად, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის, რეგიონის და სოფლის გასაძლიერებლად. ამ ხედვის შეთავაზებით, წელიწადნახევარში 300 მლნ ზე მეტი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტების მოძიება გახდა შესაძლებელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ყოველწოიურად მნიშვნელოვნად მზარდი სახელმწიფო ბიუჯეტის დადასტურება!

დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, განათლების მუშაკებს, ჩვენს ყველა დარგობრივ, ფინანასურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ჩვენს სსიპ-ებს, საერთაშორისო პარტნიორებს, და პოლიტიკურ გუნდს!

“რეფორმა”- პროცესია, მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და მდგრადობა, მონაცემებზე დაფუძნებით მუდმივი დახვეწა. ყველაფერი გრძელდება და კიდევ უამრავ და მასშტაბურ სიახლეს შემოგვთავაზებს, რაშიც დიდ წარმატებას ვუსურვებ სამინისტროში ჩემს კოლეგებს!

და რა თქმა უნდა, მადლობა მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მისი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩვენი თანამშრომლობის ყველა ეტაპზე!“ - წერს ირინა აბულაძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია

2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდების განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მიაწოდა. სოფიო გორგოძის თქმით, გამოსაცდელები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე მოცემული იქნება ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ.

2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.
გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

წაიკითხეთ სრულად