Baby Bag

2024 წლამდე პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ საქართველოს ყველა რეგიონის სკოლას დაფარავს

2024 წლამდე პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ საქართველოს ყველა რეგიონის სკოლას დაფარავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ქ. ზესტაფონში „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩართული საჯარო სკოლების საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი ფორუმი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე.

ფორუმის ფარგლებში პროექტში ჩართული 6 ადგილობრივი საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა 2019 წელს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვით მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. მონაწილეებმა, ასევე, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის, სასკოლო კულტურის განვითარების, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და კომპლექსური/პროექტული დავალებების საკითხები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში სამინისტროს მიერ სკოლებში სასწავლო კულტურის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად აუცილებელია თითოეული მოსწავლის ინტერესების იდენტიფიცირება და მათი პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნვა. ეკატერინე დგებუაძის თქმით, მსგავსი ფორუმების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან „ახალი სკოლის მოდელის“ მიღწევებზე ყურადღების გამახვილებასთან ერთად საჭიროა სკოლებში არსებული გამოწვევებისა და პროექტში ჩართული პედაგოგების რეკომენდაციების გათვალისწინებაც.

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე 165 სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში ხორციელდება. 2024 წლამდე პროექტი საქართველოს ყველა რეგიონის სკოლას დაფარავს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლის მოდელის პროექტში 2019 წლის მარტიდან ჩართული არიან: ქ. ზესტაფონის N5 , N6 და N7 საჯარო სკოლები, ხოლო 2019 წლის ოქტომბრის თვიდან: ქ. ზესტაფონის N1, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურისა და სოფელ ფუთის საჯარო სკოლები.

შეიძლება დაინტერესდეთ

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო. 

წაიკითხეთ სრულად