Baby Bag

საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა

საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა.​ 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს. სტანდარტში თავმოყრილია ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც მოეთხოვება საჯარო სკოლის ხელმძღვანელ პირს.

სტანდარტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

„ა) დირექტორის მიერ თავისი საქმიანობისა და პროფესიული განვითარების დაგეგმვის მიზნით – დირექტორს საშუალება ეძლევა თვითშეფასების საფუძველზე სტანდარტთან მიმართებით შეაფასოს თავისი კომპეტენციები, განსაზღვროს რა თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების განვითარება ესაჭიროება მას იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები და უზრუნველყოს პროფესიული განვითარება;

ბ) დირექტორის შერჩევის მიზნით – სტანდარტთან მიმართებით კადრების შერჩევა და მათი კომპეტენციების შეფასება სახელმწიფოს საშუალებას აძლევს გამჭვირვალედ და ობიექტურად დაგეგმოს და განახორციელოს დირექტორის სერტიფიცირება;

გ) დირექტორის შეფასების მიზნით – დირექტორის საქმიანობის შეფასება შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც სასკოლო საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მხრიდან. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მის პრაქტიკულ მიღწევებს ენიჭება, თუ როგორი გარემოა სკოლაში, როგორია სკოლის მოვლა-პატრონობის პრაქტიკა, როგორია სასკოლო კულტურა. ამოსავალი კი არის სწავლა-სწავლების გამართული პროცესი, რომელშიც თითოეული მოსწავლისთვის შექმნილია მისი სწავლისა და განვითარებისთვის პოზიტიური გარემო;

დ) დირექტორის მომზადების მიზნით – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სტანდარტების საფუძველზე ამზადებენ სკოლების მომავალ ხელმძღვანელებს. სტანდარტი თავის მხრივ უნივერსიტეტებისთვის არის ორიენტირი ამ სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამების მოსამზადებლად და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წარმატებით გასავლელად“.

ბრძანების თანახმად, სტანდარტის სტრუქტურა წარმოდგენილია ოთხი ძირითადი მიმართულებით, რომლებიც ურთიერთდამოკიდებული და თანაბრად მნიშვნელოვანია:

ა) საგანმანათლებლო ლიდერობა;

ბ) სასწავლო პროცესის ადმინისტრირება და ანგარიშვალდებულება;

გ) თვითგანვითარება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება;

დ) თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი სრულად იხილეთ ბმულზე - სკოლის დირექტორის ​სტანდარტი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ​სერტიფიცირების პროცესს იწყებს. სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია სამინისტროს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სკოლაში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს - ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს''

,,სკოლაში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს - ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს''

,,სკოლაში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს - ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს'' - აღნიშნული წინადადება დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაახმოვანა, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხების განხილვა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენა მიმდინარეობს.

„მაინტერესებს თუ არის რაიმე ბერკეტი გათვალისწინებული ან ნაფიქრი, რომ საქართველოში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობაა, განსაკუთრებით მუსიკის მიმართულებით და მე ჩემი დარგიდან გამომდინარე მინდა ავღნიშნო, რომ საფორტეპიანო დარგში ბევრი რესურსი და დიდი ინტერესია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მუსიკალური განათლების სკოლებში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან აქ მძიმე პრობლემებია, როგორც იდეოლოგიური ასევე პროფესიული, ეს კი ბავშვების კრეატივს და მათი ნიჭის გამომჟღავნებას აზიანებს. საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა და ვფიქრობ, ყველა სკოლაში პროფესიულად ვერ მოხერხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მუსიკალური აღზრდა შემოვიდეს სკოლებში. ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.


წაიკითხეთ სრულად