Baby Bag

სექტემბრიდან 150 სკოლაში „Minecraft Education Edition“-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება

სექტემბრიდან 150 სკოლაში „Minecraft Education Edition“-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება

სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა „Minecraft Education Edition“ დაინერგება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის Microsoft-ის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობებზე, სკოლებში „Minecraft Education Edition“ სექტემბერში საპილოტე დანერგვასა და Microsoft-ის კომპიუტერული ლაბორატორიების ჩამოყალიბებაზე.

მაიკროსოფტის „Minecraft“-ის განყოფილების წარმომადგენლებმა მინისტრის ინიციატივა განიხილეს, რომლის მიხედვით, სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა "Minecraft Education Edition“ დაინერგება, რაც სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის. მაიკროსოფტის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა დაიწყონ ქართულ მხარესთან,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა
გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნების პროცესი. დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პირველად შედეგებს ბიოლოგიასა და ფიზიკაში.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
ბიოლოგიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე. ი. 17.50 ქულაზე) მეტი.

ფიზიკის მაქსიმალური ქულაა 75. საგამოცდო საგნის ჩასაბარებლად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე.ი. 18.75 ქულაზე) მეტი.
წაიკითხეთ სრულად