Baby Bag

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება“

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა და 2020 წლისთვის მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, არანაირ წარმატებას ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა, თუ არ შეიქმნა ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა:

„მინდა გამოვყო განათლება და ის, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა განათლების მიმართულებით ახორციელებს. განათლების რეფორმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ წარმატებას ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში. ამიტომ განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ 2019 წელს, გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ 

რაც შეეხება მასწავლებელთა ხელფასებს, მისი თქმით, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება:

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი 2020 წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული, განსაკუთრებით კი ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, რომლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება. ესენი გახლავთ: ბავშვები, ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონრები, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტის შესაბამისად, შესაბამისი სახელფასო ზრდა ექნებათ, როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე მასწავლებლებს, სასწრაფოს და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და ასევე კულტურის მუშაკებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავ​ლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მეცხრე კლასის ბოლოს სკოლამ გადაწყვიტა, რომ ლეპტოპის ღირსი არ ვიყავი და, რაღა თქმა უნდა, არ ვიმსახურებდი მედალს დასასრულს” - გოგონა, რომელიც სკოლისგან ყოველგვარი სიკეთის გარეშე დარჩა, 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა

,,მეცხრე კლასის ბოლოს სკოლამ გადაწყვიტა, რომ ლეპტოპის ღირსი არ ვიყავი და, რაღა თქმა უნდა, არ ვიმსახურებდი მედალს დასასრულს” - გოგონა, რომელიც სკოლისგან ყოველგვარი სიკეთის გარეშე დარჩა, 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა
,,ბედნიერი ვარ.

მეცხრე კლასის ბოლოს სკოლამ გადაწყვიტა, რომ ლეპტოპის ღირსი არ ვიყავი და, რაღა თქმა უნდა, მით უფრო არ ვიმსახურებდი მედალს დასასრულს.
გულწრფელად რომ ვთქვა, არც მუდამ მზადმყოფი მოსწავლე ვყოფილვარ და არც თანაბრად გამომივლენია თავი ყველა საგანში, ამიტომ ულეპტოპმედლოდ დარჩენით განცდილ გულისწყვეტას წარუშლელი კვალი არ დაუტოვებია ჩემზე, ჩემს ცხოვრებაზე ხომ, მით უმეტეს.
ამის მიუხედავად, საგრძნობლად დამხია უკან რიგმა დამოკიდებულებებმა, რომლებსაც ვგრძნობდი სკოლის ასაკში გარშემომყოფთაგან.
ის აზრი, რომ მათემატიკური ტვინი არ მაქვს და ტექნიკური საგნების ათვისება არ ძალმიძს იმ დონეზეც კი, რა დონესაც სკოლა ,,მაძლევს” და მთხოვს, არ მახსოვს, როდის გაჩნდა ჩემ მიმართ.
დროს მნიშვნელობა არც აქვს, რადგან მნიშვნელოვანი ადამიანები ყოველთვის შემახსენებდნენ ხოლმე, რომ:
,,არაუშავს, ნორაკიძე, ეს ისეთი საგანია, ყველა ვერ გაიგებს, ყველას ვერ ეცოდინება”, (მე, რა თქმა უნდა, იმ ყველათა სიაში ვირიცხებოდი, ვინც ვერ გაიგებს და ვისაც ვერ ეცოდინება)
,,მათემატიკა არა, მაგრამ შენ თემებს მაინც ხომ წერ კარგად”, (ანუ, უფრო ზუსტად, თემების წერის გარდა, გასაქანი არ მქონდა)
,,თუ მოინდომებ, იმდენს ისწავლი, რომ გამოცდებში ზღვარი გადალახო” (ხომ გვჯერა, რომ მონდომებით ადამიანი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოამჟღავნებს, მაშასადამე, ჩემი შესაძლებლობების მწვერვალი ბარიერის დაძლევა იყო)
და კიდევ ათასი ასეთი კომპლიმენტის ნიღაბსამოფარებული გულის დამამცირებელი ამოძახილი, რომლებსაც იმდენად ხშირად ვისმენდი, ბოლოს მეც გამიჯდა, ბოლოს მეც დამეჯერა.
გამომდინარე აქედან, ტექნიკურ საგნებზე ხელი ავიღე - წყლის ნაყვას ჰგავდა, დროის უაზრო ფლანგვას, ასე იყო თუ ისე, გონება არ მომყვებოდა სათანადოდ, რომ შემხვედრი სირთულეები დამეძლია.
ასე მჯეროდა.
მართლა.
ლოგიკურ გადაწყვეტილებად მივიჩნიე, დრო არ დამეთმო იმისთვის, რაც, ყველას გვწამდა, არ შემეძლო და თავი გადამედო თემების წერისა და ამგვარი ამბებისთვის, რასაც, მადლობა ღმერთს და, როგორღაც სწვდებოდა ჩემი გონება.

საკითხი რომ შევაჯამო, მოსწავლეთა კლასიფიცირება (ასე, მაგალითად:
1. ტექნიკურად მოაზროვნეები
2. ჰუმანიტარები
3. ბავშვები, რომლებიც საეთოდაც ვერ აზროვნებენ
4. მედლის კანდიდატები, რომელთაც აზროვნება აღარ მოეთხოვებათ) ტიპური სკოლისა და ტიპური მასწავლებლის საყვარელი საქმიანობაა.

მით უმეტეს, თუ გოგო ხარ, საკუთარ აზრსაც თამამად გამოთქვამ ნებისმიერ დროსა და სივრცეში, მოკლე კაბებსაც ატარებ და ბიჭებთანაც მეგობრობ, შენზე მნიშვნელოვან დროს აღარავინ დაკარგავს, ისედაც აშკარაა, რისკენაც უმიზნებ.

ჩემს შემთხვევაში, საქმე გაცილებით გართულდა, როცა ჰუმანიტარების ქვაბში ჩავვარდი და ამის პარალელურად, ენაც ამოვიდგი (თუ რამე არ იცი, შენს ადგილას უნდა დაეტიო და აღარასდროს მისცე თავს უფლება, ხმა აიმაღლო, არ გააჩნია საკითხს). ანუ, გულღიად ვილაპარაკე სკოლის ნაკლზე, მასწავლებლის ნაკლზე, გაკვეთილის ხარვეზებზე, უსამართლობაზე, უპატივცემულობაზე, სამარცხვინო დამოკიდებულებებზე, სამასწავლებლოში გამართულ ჭორაობებზე და იმ ამბებზე, რომელთა მსხვერპლიცაა ათასობით ჩვენგანი სკოლაში ყოველდღიურად.
და ამ ლაპარაკით დაინგრა ჩემი სასკოლო ცხოვრება, ვინაიდან, სკოლამ მომიძულა და ცხვირწინ მომიხურა კარი სამუდამოდ, სამუდამოდ; ამასთან, სკოლამ მედალ-ათ-ოსან ბავშვებს ურჩია, ჩემგან შორს დაეჭირათ თავი, ცუდი გავლენა მქონდა მათზე, აშკარა იყო.
როცა ასე ხდება, დერეფნებში ყველა გცნობს, მაგრამ შენზე კარგს არავინ ამბობს. ყველამ იცის, ვინ ხარ, თუმცა უკვირს და ვერ გაუგია, რა ოჯახმა გაგზარდა ასეთი, ასეთი თავხედი.

სკოლას არ უყვარს ცალკემდგომი ,,მეამბოხეები”, წესრიგია საჭირო, წესრიგისთვის კი - ერთი აზრი. ამის მიუხედავად, ნათქვამ სიტყვებს უკან არ წავიღებდი, მით უმეტეს, მართალს და ,,ბოლომდე მივაწექი”, ანუ, დავამთავრე სკოლა ისე, რომ ყველას აბსოლუტური სიზუსტით დავანახე, რას ვფიქრობდი მათზე.

გამომდინარე აქედან, დავრჩი გარეშე ყოველგვარი სიკეთისა, რისი მიღებაც შემეძლო სკოლისაგან. ეს სიკეთეები დაიმსახურეს იდეალურმა მოსწავლეებმა, იდეალურმა შვილებმა, რომლებიც, თუ გაკვეთილი არ იცოდნენ, ჩუმად მაინც ისხდნენ, პრეტენზია ჰქონდათ, არ გამოთქვამდნენ ხმამაღლა, თუმცა.

მაგრამ, ამავდროულად, მე დავრჩი მართალი და ეს საკუთარ თავთან მართლად დარჩენა ყველაზე დიდი სიკეთე აღმოჩნდა, ვფიქრობ, სიკეთეთაგან.

აბიტურიენტობისას საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ჩემი გონება სულაც არ იყო რომელიმე კონკრეტული საგნისკენ მიმართული და არც ერთ გამოცდაზე მქონია მხოლოდ ზღვრის გადალახვა მიზნად. ამოცანებსაც მშვენივრად ვხსნიდი, თემების წერაზე რომ არაფერი ვთქვა.

მე ღრმად მწამს, რომ გამოცდა გამოცდაა, უდიდესი სტრესია და პასუხისმგებლობა და ისეც ხდება, მოსწავლე ბოლომდე ვერ ავლენს, რა შეუძლია, მაგრამ, საბოლოოდ, რაც მთავარია, მე, მეყო გონებრივიცა და ემოციური სიმწიფეც, რომ ბოლომდე თუ ვერა, საჭიროზე უკეთ გამომემჟღავებინა, რა შემიძლია.
და კიდევ, რაც მთავარია, მიხარია, რომ სკოლამ გადაწყვიტა, მეცხრე კლასის ბოლოს ლეპტოპის ღირსი არ ვიყავი და, რომ, რაღა თქმა უნდა, მით უფრო არ ვიმსახურებდი მედალს დასასრულს და მიხარია, რომ თავის დროზე საგრძნობლად დამხია უკან რიგმა დამოკიდებულებებმა, რომლებსაც ვგრძობდი სკოლის ასაკში გარშემომყოფთაგან, რადგან სწორედ ამის გამო ვაჩვენე საკუთარ თავს, როგორი ფუჭი და ცრუა საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი, რომ ვიღაცა ცუდია, რომ ვიღაცა კარგია, ვაჩვენე, როგორი ფუჭი და ცრუა სკოლისაგან მიღებული სიკეთეები, რომლებიც არც ისე დიდი სიკეთეებია სიკეთეთაგან.

დაბოლოს, ბედნიერი ვარ, რადგან აბიტურიენტობისას სულ არ მიშრომია იმდენად, რომ ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი იყოს, ამიტომ, აი, ჯერ სად ხართ.”

პოსტს სოციალურ ქსელში სტუდენტი სალომე ნორაკიძე ​აქვეყნებს. მის ამ ჩანაწერს ათასობით გაზიარება და გამოხმაურება აქვს.

წაიკითხეთ სრულად