Baby Bag

ირლანდიის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები დეკემბრის თვეში საშინაო დავალებებისგან თავისუფლდებიან, მათ მხოლოდ სიკეთის კეთება ევალებათ

ირლანდიის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები დეკემბრის თვეში საშინაო დავალებებისგან თავისუფლდებიან, მათ მხოლოდ სიკეთის კეთება ევალებათ
ცხოვრებაში პოზიტიური განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ რეალობის აღქმა დავკარგოთ. პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება ნებისმიერი ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა. ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად ადამიანები უფრო მეტად გრძნობენ, რომ მათ მადლიერების, სიკეთის, ბედნიერების და სიყვარულის გაზიარების სწავლა სჭირდებათ. როგორც წესი, წელიწადის ამ დროს ისინი ყველაზე მეტად ცდილობენ სხვებს ​დაეხმარონ.

გრანდიოზული გეგმების განხორციელება უმნიშვნელო ნაბიჯების გადადგმითაც შეგვიძლია. სადღესასწაულო განწყობის ერთმანეთისთვის გადაცემის უნარი ყველას გვაქვს. ირლანდიის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს დეკემბრის თვეში საშინაო დავალებების შესრულების ნაცვლად, სადღესასწაულო განწყობის ერთმანეთისთვის გაზიარება და კეთილი საქმეების გაკეთება დაავალეს.

სკოლის მოსწავლეებმა ყოველდღიურად მათი ოჯახის წევრების, მეგობრების, კლასელებისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე უნდა აკეთონ. მათ მიერ ჩადენილი კეთილი საქმეების შესახებ ისინი ე.წ. „სიკეთის დღიურში“ ჩაწერენ. ბავშვების ჩანაწერები კი მშობლებმა ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

აღნიშნულ სკოლაში მსგავსი ტრადიცია უკვე მესამე წელია გრძელდება. ყოველწლიურად დეკემბრის თვეში მოსწავლეები სხვადასხვა უნარის განვითარებაზე მუშაობენ. გასულ წელს მათ მადლიერების განცდის გაძლიერებაზე უნდა ეზრუნათ. თავიანთი მიღწევების შესახებ კი ისინი „მადლიერების დღიურში“ წერდნენ.

სკოლის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც კეთილი ქცევებისა და სიკეთის შესახებ იყო საუბარი. მოსწავლეებმა წაკითხული ტექსტის გააზრების შემდეგ სიკეთის პრაქტიკაში დანერგვაზე უნდა იზრუნონ და მიღებული ცოდნა შესაბამისი ქცევებით განამტკიცონ.

ორშაბათობით სკოლის მოსწავლეებმა თავიანთ მარტოხელა ნათესავებს ან მეზობლებს საშობაო ბარათები უნდა გაუგზავნონ. მათ ახლობლების გახარება სატელეფონო ზარებითა და მოულოდნელი ვიზიტებითაც შეუძლიათ. სამშაბათობით ისინი მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარებიან, ოთხშაბათობით თავიანთი კეთილი ქცევით ერთი ადამიანი უნდა გააბედნიერონ, მომდევნო დღეს კი საკუთარ თავზე უნდა იზრუნონ.

პარასკევს გამართულ სასკოლო შეკრებებზე თანატოლები დაკვირვების შედეგად ერთმანეთზე შექმნილ დადებით შთაბეჭდილებებს ფურცელზე წერენ და „სიკეთის თაიგულში“ ათავსებენ. აღნიშნული აქტივობა სკოლის მოსწავლეებს თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარება.

მშობლები სკოლის ახალი ინიციატივით აღფრთოვანებულები არიან. ისინი ბავშვებსა და პედაგოგებს სრულ თანადგომას უცხადებენ.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩვენ ბავშვებს შობის არსის წვდომაში ვეხმარებით. მათ სიკეთისა და უანგარობის მნიშვნელობა უნდა გაითავისონ. ადამიანები შობის დღესასწაულზე კომერციული და მატერიალისტური მიზნების განხორციელებით არიან დაკავებულნი. ჩვენ გვსურს, რომ ბავშვებმა შობის შესახებ მეტი გაიგონ და მის მთავარ არსს ჩაწვდნენ. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს საახალწლო განწყობა არ აქვს. ისინი მარტოსულები და უბედურები არიან. მსგავსი ადამიანების დახმარება კეთილი საქმით ყველას შეგვიძლია. სიკეთე ყველაზე დადებითად მოქმედებს. მთავარი ისაა, რომ კეთილი საქმის გაკეთება არ საჭიროებს მატერიალურ სახსრებს, ის აბსოლუტურად უფასოა. ჩვენი მთავარი გზავნილი, რომელსაც ბავშვებს ვაწვდით, შემდეგია: მათ შეუძლიათ ვიღაცის ღიმილის მიზეზად იქცნენ. ბავშვებს აქვთ უნარი, რომ თავიანთი ქცევებით სამყარო როგორც სხვებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის, უკეთეს ადგილად აქციონ.“

კეთილი საქმეების კეთება მხოლოდ ინდივიდუალურ ხასიათს არ ატარებს. სკოლის ერთ-ერთ პროექტს „კლასის სიკეთის აქტი“ ჰქვია. დეკემბრის თვეში თითოეული კლასი ვალდებულია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობით დაკავდეს.

აღნიშნულ სკოლაში მსგავსი ინიციატივები მხოლოდ საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით არ აქვთ. ივნისის თვეში ბავშვები საშინაო დავალებებისგან კვლავ თავისუფლდებიან. ამის ნაცვლად ისინი ვალდებულები არიან თავიანთი დროის უდიდესი ნაწილი ოჯახთან ერთად გაატარონ. ბავშვებმა მშობლებთან ერთად ხშირად უნდა ისეირნონ, მოაწყონ ლაშქრობები და მათთან ერთად თამაშითაც დაკავდნენ. თითოეული აქტივობა სპეციალურ დღიურში უნდა ჩაიწეროს და მშობლების ხელმოწერით დადასტურდეს. 

მომზადებულია healthyfoodhouse.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    წაიკითხეთ სრულად