Baby Bag

სკოლებში მოსწავლეებს ცხოველებთან ურთიერთობის წესებს ასწავლიან

სკოლებში მოსწავლეებს ცხოველებთან ურთიერთობის წესებს ასწავლიან

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს ატარებს.

პროექტის მიზანია, მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება. გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: 

  • რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა;
  • რა უფლებები აქვს ცხოველს;
  • მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
  • რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
  • რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
  • რა პასუხისმგელობა აქვს ცხოველის პატრონს;
  • როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
  • ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
  • მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.

გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახავენ და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ.

სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობისათვის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, სააგენტო სერტიფიკატებს გადასცემს და მიანიჭებს სტატუსს - ,,ცხოველების მეგობარი“.

შეიძლება დაინტერესდეთ

ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ

ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა სწავლა კლასებში განახლდეს.

გამყრელიძის განმარტებით, ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ.

,,უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს იმ შემთხვევაში, თუ იქ მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება. იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლა. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით", - ამბობს გამყრელიძე.

20 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში 900 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებული კი 266 ათასი ადამიანია.

რაც შეეხება მასწავლებლების ვაქცინაციის პროცესს, განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლების თითქმის 40% აიცრა.

წყარო: ​,,ფორმულა ნიუსი''

წაიკითხეთ სრულად