Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თანამედროვე ახალგაზრდას შეუძლია ორი კი არა ხუთი რაღაც ისწავლოს,“ - ალექსანდრე ჯეჯელავა

„თანამედროვე ახალგაზრდას შეუძლია ორი კი არა ხუთი რაღაც ისწავლოს,“ - ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავამ აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, სამომავლო პროფესიის არჩევაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობელი და აბიტურიენტი პროფესიის არჩევისას განსხვავებული პრიორიტეტებით ხელმძღვანელობენ:

„მშობელი და შვილი რომ ცდილობენ ერთად პროფესიის არჩევას, ორ რამეს ირჩევენ: ირჩევა შავი დღის ამბები და საუკეთესო სცენარი. ბავშვი ყოველთვის ფიქრობს საუკეთესო სცენარზე, იმას შავი დღე არ ჰქონია. მშობელს არ უნდა, რომ შვილს დღესვე ჩაუკლას პერსპექტივა, თან უსამსახურობასა და გასაჭირზე ეფიქრება. ჩვენ მშობელს და ბავშვს ვეუბნებით, რომ ორი რამ უნდა ავირჩიოთ. ვირჩევთ, რას გააკეთებთ, შავი დღე თუ დადგა. ამას დავარქვათ გეგმა „ბ.“ აღმოჩნდება, რომ აბიტურიენტმაც კარგად იცის, ეს გეგმა რას ნიშნავს და ამბობს, რომ ისიც თანახმაა.“

​ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ყველაზე ცუდია, როდესაც მშობელი და შვილი რაღაც საშუალოზე თანხმდებიან და ამ შეთანხმებით ორივე უკმაყოფილოა:

„ყველაზე ცუდი წარმოიდგინეთ, რომ მშობელი და შვილი შეთანხმდნენ რაღაც საშუალოზე, რომელიც არც მშობელს აღარ მოსწონს და არც შვილს. როგორც კი ჩვენ ვითანხმებთ ამ ხალხს, რომ შავი დღის პროფესია სკივრში ჩადონ, ამის მერე ძალიან კარგად მიდის პროცესი. დასაქმება არის გეგმა „ბ.“ ცალკე ვარჩევთ ორივე გეგმას და ვამბობთ, რომ თუ დაგვჭირდა გეგმა „ბ,“ მე ვიმუშავებ აი, აქ. ეს გეგმა ადამიანს აქვთ და ავსახავთ უმაღლეს განათლებაში, სად ისწავლის და ა.შ.“

„თანამედროვე ახალგაზრდას შეუძლია ორი კი არა ხუთი რაღაც ისწავლოს. სხვანაირი თავი აქვთ, სხვანაირი გული აქვთ. დღევანდელი აბიტურიენტებისთვის ხუთი წელი არის ის, რაც ჩემი თაობისთვის იქნებოდა 15 წელი. ხომ გინახავთ, როდესაც მეცადინეობენ, თან შვიდ რამეს აკეთებენ. რანაირად გინდა, რომ ეს ადამიანი დასვა და ექვსი თვე ერთი საქმე აკეთებინო?! ამით გააზარმაცებ და ჩაკლავ ინიციატივას. ამათი ცხოვრება ასეთი უნდა იყოს, რომ შვიდას რამეს სწავლობდნენ ერთად,“ - აღნიშნულ საკითხებზე ​ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად