Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელდება“ - განათლების სამინისტრო

„საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელდება“ -  განათლების სამინისტრო
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს“, - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამა გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინ აკადემიის პლატფორმის შექმნა. ასევე, სხვადასხვა პროექტს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლილიკაშვილმა ხელი მადრიდში მოაწერეს. 
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უმნიშვნელოვანესი შეთანხმებაა, რომელიც რეგიონალური ტურიზმის სფეროში ქვეყნის განვითარებას, ახალი პროგრამების შექმნას და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო აკადემიის დაფუძნებას გულისხმობს:
„ერთობლივად შემუშავებული ყველა ინოვაციური პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება და მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველოში ტურიზმი ძალიან სწრაფად ვითარდება და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად განხორციელებული პროექტები, მით უმეტეს განათლების მიმართულებით, ხელს შეუწყობს როგორც ამ სფეროს განვითარებას, ასევე საქართველოს აქცევს ტურიზმის განათლების სფეროში რეგიონალურ ჰაბად“,  - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად