Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა პირობებს სთავაზობს განათლების სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს

რა პირობებს სთავაზობს განათლების სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს

„საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლების და შესაბამისად პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პედაგოგებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით). 

2019 წლის განმავლობაში, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
  •  თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;

  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს;

  • სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ორჯერ ეძლევა შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი. ორივე გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაშიც კი მათ შეეძლებათ ისარგებლონ მინიჭებული პრივილეგიით და მიიღონ სახელმწიფო ჯილდო 2019 წლის შემოდგომაზე.

ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.

წაიკითხეთ სრულად