Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალ სასწავლო წელს, ადაპტირებული „დედა ენა" დამხმარე სახელმძღვანელოდ დაბრუნდება სკოლებში“

„ახალ სასწავლო წელს, ადაპტირებული „დედა ენა" დამხმარე სახელმძღვანელოდ დაბრუნდება სკოლებში“

2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.

სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს.

ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის ადაპტირებული „დედა ენის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია სწორედ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში მოხდა, იქ სადაც მწერალმა 1875 წლის ზაფხულში პირველ გამოცემაზე ხანგრძლივი მუშაობა დაასრულა.

„2013 წელს ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ძეგლი მნიშვნელოვანი ნაწილია იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარებული ნომინაციისა - „ქართული ანბანის სამი ცოცხალი კულტურა". ეს სტატუსი ქართულ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ზრუნვას ავალებს ცოცხალი ტრადიციის დაცვასა და განვითარებაზე. "დედა ენის" სკოლებში დაბრუნება, მისი ქცევა იმ ფუნდამენტად, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობების ცნობიერება უნდა დაეფუძნოს, სწორედ ამ პროცესის აუცილებელი ნაწილია.

თავად იაკობ გოგებაშვილი ბრძანებდა - „დედა ენა მაშინ მოკვდება, როცა გაუკეთესებას მოაკლდებაო“. ამ გაუკეთესების, ახალი დროის შესაბამისად განახლების პრინციპები და მეთოდიც თავად გადმოგვცა ანდერძსა თუ სხვადასხვა პუბლიკაციაში და დღეს, პირველად ბოლო თითქმის საუკუნის განმავლობაში, ამ პრინციპთა სრული დაცვით, ჩვენ ხელთ გვაქვს წიგნი, რომლიც ღირსეულად აგრძელებს გოგებაშვილის დაწყებულ გზას. ახალ სასწავლო წელს, ადაპტირებული „დედა ენა" დამხმარე სახელმძღვანელოდ დაბრუნდება ჩვენს სკოლებში.“ - მიხეილ ბატიაშვილი

წაიკითხეთ სრულად