Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება“

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა და 2020 წლისთვის მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, არანაირ წარმატებას ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა, თუ არ შეიქმნა ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა:

„მინდა გამოვყო განათლება და ის, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა განათლების მიმართულებით ახორციელებს. განათლების რეფორმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ წარმატებას ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში. ამიტომ განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ 2019 წელს, გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ 

რაც შეეხება მასწავლებელთა ხელფასებს, მისი თქმით, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება:

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი 2020 წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული, განსაკუთრებით კი ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, რომლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება. ესენი გახლავთ: ბავშვები, ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონრები, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტის შესაბამისად, შესაბამისი სახელფასო ზრდა ექნებათ, როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე მასწავლებლებს, სასწრაფოს და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და ასევე კულტურის მუშაკებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

წაიკითხეთ სრულად