Baby Bag

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა, სადაც „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება.

შეხვედრაზე მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.

„იმისათვის, რომ განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია. აუცილებელია სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს. ამ მიზნის განხორციელება კი პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა შეხვედრის დროს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მიმდინარეობის პროცესში დირექტორთა და პედაგოგთა მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი კარგი შედეგის მიღწევა.

„ახალი სკოლის მოდელში“ საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 165 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტი 2024 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

შეფასების სისტემა ასახული უნდა იყოს სასწავლო სასკოლო გეგმაში და არ საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას

შეფასების სისტემა ასახული უნდა იყოს სასწავლო სასკოლო გეგმაში და არ საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას

ძველი ეროვნული სასწავლო გეგმით მკაცრად იყო ჩამოყალიბებული განმსაზღვრელი (ნიშნიანი) შეფასების კომპონენტები.

შესაბამისად, მოსწავლის ნიშნები საკლასო, საშინაო და შემაჯამებელ დავალებებში იწერებოდა, რაც საბოლოოდ სემესტრულ და წლიურ ნიშანს განსაზღვრავდა. ამასთანავე, მკაცრად იყო განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა.

შეფასების განსხვავებული სისტემის არსებობა საჭიროებდა სამინისტროსთან შეთანხმებას.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით აღარ განისაზღვრება საშინაო, საკლასო, შემაჯამებელი დავალებების სავალდებულოობა, შესაბამისად, სკოლა უფლებამოსილია საგნების მიხედვით თავად განსაზღვროს შეფასების სემესტრული თუ წლიური ნიშნის დაანგარიშების სისტემა. სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლეთა ინტერესებიდან და საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე თურა ფორმებს გამოიყენებს - პროექტის შეფასება, შემაჯამებელი წერები, დიაგნოსტირების ინსტრუმენტები, საკლასო სამუშაოები თუ სხვ.

აქედან გამომდინარე შეფასების სისტემა ასახული უნდა იყოს სასწავლო სასკოლო გეგმაში და არ საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას.

ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებას მხარდამჭერი ღონისძიებები მოჰყვება სამინისტროს მხრიდან.

წაიკითხეთ სრულად