Baby Bag

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა, სადაც „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება.

შეხვედრაზე მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.

„იმისათვის, რომ განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია. აუცილებელია სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს. ამ მიზნის განხორციელება კი პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა შეხვედრის დროს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მიმდინარეობის პროცესში დირექტორთა და პედაგოგთა მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი კარგი შედეგის მიღწევა.

„ახალი სკოლის მოდელში“ საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 165 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტი 2024 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის დაიწყება 5-კრედიტიანი ტრენინგები და ფორმით ჩატარდება

როდის დაიწყება 5-კრედიტიანი ტრენინგები და ფორმით ჩატარდება

პედაგოგები ისევ 5-კრედიტიანი ტრენინგების​ დაწყების მოლოდინში არიან. როდის და რა ფორმით ჩატარდება ტრენინგები, ამ კითხვით მივმართეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. როგორც ცენტრში განგვიცხადეს, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის ცნობილი:

„როგორც კი ტრენინგების ჩატარების დრო დაზუსტდება, ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე“, - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ჩვენთან ​ინტერვიუში განაცხადა, ხუთკრედიტიანი ტრენინგების მეშვეობით პრაქტიკოსი მასწავლებლები კრედიტების შევსებასა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას შეძლებენ.

„პრაქტიკოს პედაგოგს მიეცემა უფლება, 19 კრედიტქულამდე გარე მექანიზმებით შეივსოს და დაადასტუროს კომპეტენცია. რას ნიშნავს გარე მექანიზმები? - 5 კრედიტის ფარგლებში მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, გაიაროს ტრენინგმოდულები და წარმატებით გავლის შემთხვევაში, დააგროვოს 5 კრედიტი. თუ გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, პარალელურად ჩააბაროს და ამით შეივსოს 19 კრედიტქულამდე. გარე მექანიზმებია ტრენინგები და გამოცდა.

დღეს სისტემაში 14 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, მათგან დაახლოებით 7 000-მდე პედაგოგს არც ერთი გამოცდა არა აქვს ჩაბარებული და შესაბამისად, კომპეტენცია არ აქვს დადასტურებული. 2 000-მდე მასწავლებელს ორივე საგანი ჩაბარებული აქვს, 2 700 მასწავლებელს საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული, 2 300-ს კი პროფესიული უნარების გამოცდა.

პედაგოგებს 3 კრედიტის მოპოვება შეეძლებათ საგნობრივი კომპეტენციის ტრენინგებიდან, 2 კრედიტის - პროფესიული უნარების ტრენინგებიდან. მასწავლებლებს ტრენინგ მოდულების წარმატებით გავლის შემთხვევაში, 1-დან 5-მდე კრედიტის დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ. პედაგოგები მათთვის სასურველი და საჭირო კრედიტქულის შესაბამისი ტრენინგმოდულის შერჩევას შეძლებენ,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძე.

წაიკითხეთ სრულად