Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არც ერთი აბიტურიენტი არ მოიხსნება გამოცდიდან მაღალი სიცხის გამო, თუ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდება''

,,არც ერთი აბიტურიენტი არ მოიხსნება გამოცდიდან მაღალი სიცხის გამო, თუ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდება''

,,ერთიანი ეროვნული გამოცდები საკმაოდ მშვიდად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. ამასთან, ჩვენმა აბიტურიენტებმა გაითავისეს და გაიზიარეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებული იყო და მათ მაღალ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მათ საგამოცდო პროცესის მიმართ პრეტენზია გამოთქვეს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ დადებით გამოხმაურებას გვიზიარებენ'' - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ​„დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს არ სურდა ხისტი ყოფილიყო და რეკომენდაციების გასაჯაროების დროც ამიტომ გაიწელა.

გამოცდებზე საუბრისას, ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ მაღალი ტემპერატურით აბიტურიენტების გამოცხადების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.

„პისიარ ტესტირებით არც ერთთან არ დადასტურდა კორონავირუსი და ჩვენ ვართ იმდენად მოქნილები და იმდენად მორგებული თითოეული აბიტურიენტის ინტერესზე, რომ არც ერთი აბიტურიენტი მაღალი სიცხის გამო არ მოიხსენება გამოცდიდან და მთლიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას, თუ ეს არ იქნება კოვიდთან დაკავშირებული შემთხვევა და არ დადასტურდება პისიარ-ტესტირებით,“ - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

წაიკითხეთ სრულად