Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახური წარმოდგენილი არ არის, სასკოლო უსაფრთხოებას უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ

ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახური წარმოდგენილი არ არის, სასკოლო უსაფრთხოებას უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ

უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, უკლებლივ ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახური ჯერჯერობით წარმოდგენილი არ არის, სასკოლო უსაფრთხოებას უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ, - ინფორმაციას მანდატურის სამსახური ავრცელეს.

უწყების ცნობით, მანდატურის სამსახურში სპეციალური ტრენინგ-მოდულით უფლებამოსილი პირების გადამზადება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, უკვე გადამზადდა 1500-მდე უფლებამოსილი პირი.

მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონების 130 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა. სულ, მანდატურები ამ დროისთვის წარმოდგენილნი არიან საქართველოს 588 საჯარო სკოლაში. გაფართოების გეგმის თანახმად, მანდატურის სამსახური 2020 წელს კვლავ 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა.

წაიკითხეთ სრულად