Baby Bag

განათლების სამინისტრო გრიფირების პროცესს განახლებული კონცეფციით განახორციელებს

განათლების სამინისტრო გრიფირების პროცესს განახლებული კონცეფციით განახორციელებს

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას ერთ-ერთი უმთავრესი როლი ენიჭება. ამ მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გრიფირების პროცესს განახლებული კონცეფციით განახორციელებს. შედეგად, მოსწავლეები შინაარსობრივად და ტექნიკური პარამეტრებით გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. წიგნები შესაბამისობაში იქნება „ახალი სკოლის მოდელთან“, რაც გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებას.

გრიფირების მთავარ სიახლეს სამინისტროსა და დაინტერესებულ პირებს, გამომცემლებს შორის, გრიფირების საწყისი ეტაპიდან ინტენსიური თანამშრომლობა და კონსულტირება წარმოადგენს. ამ მიზნით გამომცემლებს დამატებით საშუალება მიეცემათ გრიფირების გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ სახელმძღვანელოს სტრუქტურა და ერთი საჩვენებელი თავი და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად სწორი გზით მიდიან სახელმძღვანელოს შედგენისას, რა უნდა გაითვალისწინონ და გამოასწორონ.

გასულ წლებთან შედარებით, მე-7 კლასის სახელმძღვანელოები მეთოდიკური თვალსაზრისით უფრო მეტადაა გაუმჯობესებული - განახლებული საგნობრივი სტანდარტებიდან გამომდინარე, გაჩნდა საკვანძო/სააზროვნო შეკითხვები, კომპლექსური დავალებები. თუმცა, სახელმძღვანელოების ანალიზმა აჩვენა, რომ სუსტ წერტილად რჩება მასწავლებლის წიგნი, რომელიც ძირითად შემთხვევაში ზოგადი დებულებებისა და თეორიების ნაკრებია. ამიტომ წელს დავამატეთ კონკრეტული ფორმები მასწავლებლის წიგნისთვის. ამ ფორმებში ნაჩვენებია მასწავლებლის წიგნის აგების სტრუქტურა საგნების მიხედვით: როგორ გაიშალოს და დამუშავდეს კონკრეტული თემა ამ თემის შესაბამისი (და არა ზოგადი ხასიათის) ინსტრუქციებით, საკვანძო შეკითხვებით, აქტივობებით, კომპლექსური დავალებებით, რესურსების დაკონკრეტებით და ა.შ.

სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირება განხორციელდება ორ ეტაპად - ძირითადი შეფასება და სახელმძღვანელოს დახვეწა-გაუმჯობესება; მეორე ეტაპზე გადასული სახელმძღვანელოების ავტორებსა და რეცენზენტებს შორის მოიხსნება ანონიმურობის საკითხი და მოხდება ინტენსიური თანამშრომლობა სახელმძღვანელოების დასახვეწად. ტექნიკური რეცენზირება შეეხება მხოლოდ მათ ვინც გადალახავს შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპს (ძირითად რეცენზირებას).

კვლავ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ავტორებისთვის გამკაცრდა ხარისხზე მოთხოვნა - ბარიერი 79%-დან გაიზარდა 90%-მდე. თუმცა, მათი მხარდაჭერისთვის გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები; ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.

სახელმძღვანელოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის მისაღწევად, შეიცვალა ხარისხისა და ფასის პროპორცია - 90/10 %-ის ნაცვლად ხარისხს ექნება 95% წილი, ხოლო ფასს - 5 %.

სახელმძღვანელოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ასევე გაიზარდა სახელმძღვანელოს შექმნის, რეცენზირების, შინაარსობრივი დახვეწა-გაუმჯობესების ვადები:

2019 წელს გრიფირება შეეხება შემდეგ სახელმძღვანელოებს:

  • VIII კლასის ყველა სახელმძღვანელო (სულ 17 საგანი);
  • დაწყებითი საფეხურისა და VII კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელო: დაწყებითი, VI-VI კლასები - ქართული, როგორც მეორე ენა და ფრანგული ენა; VII კლასი - ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფრანგული ენა, რუსული ენა.

  • დეტალური ინფორმაცია იხილეთ ​აქ.


    შეიძლება დაინტერესდეთ

    ინფორმაცია იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გარე დაკვირვება განაწილებული აქვთ 2-6 მარტის პერიოდში

    ინფორმაცია იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გარე დაკვირვება განაწილებული აქვთ 2-6 მარტის პერიოდში

    მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა ინფორმაციას აქვეყნებს იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გარე დაკვირვების თარიღები გადანაწილებული აქვთ 2-6 მარტის პერიოდში.

    „ბუნებრივია, არდადეგების გახანგძლივების გამო, თითოეულ თქვენგანს შეგეცვლევათ პერიოდი და ვადა გაგიგრძელდებათ არდადეგების დასრულების შემდგომ.

    რაც შეეხება იმ მასწავლებლებს, რომლებსაც 2-16 მარტის ჩათვლით გიწევთ გაკვეთილის გეგმების/რეფლექსიის ატვირთვა, თქვენს შემთხვევაში არაფერი იცვლება, ჩვეულებრვად ატვირთეთ ამ პერიოდში.

    პ.ს. რადგან მესინჯერში ერთი და იგივე შინაარსის უამრავი კითხვა მომივიდა, აქვე დავაზუსტებ.
    2-6 მარტის პერიოდში, ერთი გაკვეთილი მაინც თუ გიწევდათ, პერიოდი აუცილებლად შეგეცვლებათ.
    გაკვეთილებს ისევ თანმიმდევრულად ჩაატარებთ, მაგ. 6-ში პირველი გაკვეთილი თუ გქონდათ, მოგიწევთ 16 მისი ჩატარება.
    ვისაც უკვე დაგირეკეთ და გაგაფრთხილეთ, რომ 2-ში მოვდივართ, რა თქმა უნდა, ეგ გაკვეთილიც გადაიწევს.
    ვისაც უკვე გაკვეთილის გეგმები ატვირთული გაქვთ, არ მოგიწევთ სხვა გეგმების ატვირთვა, ჩვეულებრივად, იმავე გეგმით ჩაატარებთ გაკვეთილებს არდადეგების შემდგომ.

    ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ ყველას!“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.

    წაიკითხეთ სრულად