Baby Bag

მოსწავლეები ფიზიკას ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის დახმარებით შეისწავლიან

მოსწავლეები ფიზიკას ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის დახმარებით შეისწავლიან

საქართველოს მასშტაბით 5 საპილოტე სკოლაში რეალურ-ვირტუალური საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები ამოქმედდება, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 20 სექტემბერს პროგრამის ავტორმა, დავით სონღულაშვილმა საპილოტე სკოლის ფიზიკის მასწავლებლებს პროგრამის ტექნიკური მახასიათებლები და მასთან მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აღნიშნულ საპილოტე სკოლებს პროგრამისთვის საჭირო ხელსაწყოებსაც გადასცემს, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება პროგრამის სრულფასოვნად ამოქმედება.

„პროგრამა დაეხმარება ყველა მასწავლებელს, სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენოს მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდები და მისი დახმარებით, ყველა მოსწავლე, ინდივიდუალური ინტერესების და ასაკის გათვალისწინებით, ჩართოს პრაქტიკული მეცნიერული კვლევა-ძიების პროცესში. ლაბორატორია აძლევს საშუალებას მოსწავლეს პრაქტიკული რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გააანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანადო, მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები,“ - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.

ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის პროგრამა მასწავლებელთა ცენტრის „საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საბაზო საფეხურზე, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხის გაზრდა, მასწავლებლების უზრუნველყოფა მაღალი დონის სასწავლო პრაქტიკული კვლევების ჩასატარებელი და მასთან ინტეგრირებული მაღალტექნოლოგიური ციფრული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საჯარო სკოლებისათვის. პროექტში ჩართულია როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებიც.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება

საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სამართლებრივი ჩარჩოები, მისი დანერგვისა და დაფინანსების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები და პროექტები განიხილეს.

მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის დამაკავშირებელ ხიდს და ეხმიანება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. საგანმანათლებლო პროგრამები საშუალებას იძლევა მოკლე ვადებში მომზადდეს ის ადამიანური რესურსი, რომელიც დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ამავდროულად, პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ამ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტების აღიარება მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებში ახლად შეტანილი ცვლილებების შედეგად შემუშავდა.

წაიკითხეთ სრულად