Baby Bag

სახელმწიფომ განათლების მიმართულებით უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმების განხორციელება დაიწყო

სახელმწიფომ განათლების მიმართულებით უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმების განხორციელება დაიწყო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან მარიამ ჯაში საბავშვო ბაღების თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესების საკითხს აყენებს. 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა კითხვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას, თუ როგორია მისი ხედვა განათლების სისტემაში მიმდინარე მასშტაბური რეფორმის შემოდგომ განხორციელებასთან დაკავშირებით.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმების განხორციელება განათლების მიმართულებით, როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარების, ასევე შრომითი უფლებების გაუმჯობესების კუთხით. მან ასევე ხაზი გაუსვა განათლების სექტორში დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდის გეგმებს, რომელთა მიხედვითაც 2022 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 6% და სახელმწიფო ბიუჯეტის 25% მიმართული იქნება სწორედ განათლების რეფორმებისა და პროგრამების მხარდასაჭერად.

მარიამ ჯაშის შეფასებით ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრების ფორმატში დადებითი გამოხმაურება აქვს როგორც აკადემიური და პედაგოგიური კორპუსის წარმომადგენლებში, ასევე ფართო საზოგადოებაში.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში შეხვედრებისას გამოიკვეთა ჩვენი საზოგადოების მოლოდინი, რომ საბავშო ბაღებშიც, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც გაუმჯობესდეს აღმზრდელებისა და თანამშრომლებისათვის შრომითი პირობები.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სახელმწიფო და დაავადებათა ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებას უფასოდ უზრუნველყოფს“

„სახელმწიფო და დაავადებათა ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებას უფასოდ უზრუნველყოფს“

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პანდემიის პირობებში 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით დამტკიცებული პროტოკოლის რამდენიმე პუნქტი განმარტა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ იცვლება მიდგომა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პროცესთან დაკავშირებით, რათა ამ დროს თავშეყრილმა ადამიანთა დიდმა მასამ არ შექმნას ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელების მომატებული რისკი. მისი თმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი, რომელიც შემდგომში, შესაძლოა, ინფექციის მასობრივი გავრცელების წყარო გახდეს.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუკი აბიტურიენტს გამოცდებამდე გამოუვლინდება კოვიდინფექციის მთავარი სიმპტომები: ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ცემინება, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და მისი რჩევით შემდგომ ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები. თუკი აბიტურიენტს კოვიდვირუსი დაუდასტურდა, ის არ დაიშვება გამოცდაზე.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს დიაგნოსტიკის პროცედურები წინასწარ აქვს ჩატარებული და კოვიდზე პასუხი უარყოფითია, იგი დაიშვება გამოცდაზე, მიუხედავად სიმპტომებისა. პროტოკოლის შესაბამისად, იგი გამოცდას დაწერს იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით გამოყოფილ სივრცეში. ამირან გამყრელიძის თქმით, პროტოკოლში გაწერილია სხვადასხვა ვარიანტი, როგორ უნდა მოიქცეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცალკეული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.

გარდა ამისა, თუკი აბიტურიენტი მცირე სიმპტომებით დაუშვეს პირველ გამოცდაზე, რადგან ლაბორატორიული კვლევით მას კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა, მეორე გამოცდისთვის იგი უნდა გავიდეს ხელახალ დიაგნოსტიკაზე.

ამირან გამყრელიძემ საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ სახელმწიფო და დაავადებათა ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებას ყოველგვარი გადასახადის გარეშე, უფასოდ უზრუნველყოფს, ასევე უფასო იქნება დიაგნოსტიკა განმეორებითი კვლევის შემთხვევაში. დღევანდელი მონაცემებით, სახელმწიფოს აქვს 17 ლაბორატორია, სადაც PCR ტესტირების ჩატარება არის შესაძლებელი. ეროვნული გამოცდების დაწყებისთვის მათი რიცხვი 20-22-ს მიაღწევს. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ დიაგნოსტირებისათვის მიმართოთ ლაბორატორიებს სხვადასხვა ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ოზურგეთში.

მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის გაკეთდა იმის განმარტებაც, რომ გამოცდა სტრესია და შესაძლებელია სიცხის მომატება ამითაც იყოს განპირობებული. როდესაც თერმოსკრინინგი ტარდება ელექტრონული, დისტანციური თერმომეტრებით, ტემპერატურის მაჩვენებელი, შესაძლოა, არ იყოს ზუსტი. შეფასებისა და გამოცდების ცენტრს მიეცა რეკომენდაცია, თუკი აბიტურიენტს გამოცდაზე შესვლისას თერმოსკრინინის დროს აღენიშნება ტემპერატურა, მას ეძლევა დრო ჩვეულებრივი, კლასიკური ვერცხლისწყლის თერმომეტრით გადაიმოწმოს ტემპერატურა.

ამირან გამყრელიძის თქმით, არ დაიშვება გამოცდაზე ის აბიტურიენტი, რომელსაც, ტემპერატურის გარდა, სხვა სიმპტომებიც ექნება და წინასწარ არ მიმართავს ოჯახის ექიმს დიაგნოსტიკისთვის.

წაიკითხეთ სრულად