Baby Bag

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საკომიტეტო მოსმენისას სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სკოლის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ის ბიუჯეტი, რომელიც განათლების კუთხით ყოველწლიურად იზრდება, მიმართული იქნება როგორც მასწავლებლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: აშენდა 27 ახალი სკოლა, აქედან 2 თბილისში, 25 რეგიონში. დასრულდა 141 სკოლის რეაბილიტაცია. 884 სკოლას მივეცით ფინანსური რესურსი, რომლითაც თავად იზრუნებს სკოლის საჭიროებებზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა რჩება. ჩვენი გათვლებით, რომელიც უკვე დეტალურად შემუშავებული გვაქვს, ყოველწლიური ბიუჯეტის ზრდის პირობებში, სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას.
ეს ნიშნავს რომ ჩვენი სკოლები უზრუნველყოფილი იქნება დასავლური სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ყველა იმ ლაბორატორიით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გამოსვლისას.

შეიძლება დაინტერესდეთ

ინფორმაცია 2019 წლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებაზე რეგისტრაციის შესახებ

ინფორმაცია 2019 წლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებაზე რეგისტრაციის შესახებ
2019 წლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებაზე რეგისტრაციისას ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება 27 მაისიდან 25 ივნისის 18:00 საათამდე.

ქ. თბილისში - მისამართზე: ე. მინდელის ქ. N9;

რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:

  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
  • აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში - შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.


იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

თანხები თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მინდობილობა და განცხადებაში უნდა შეავსოს როგორც დაინტერესებული პირის, ისე კანონიერი წარმომადგენლის გრაფა და განცხადების ფორმას უნდა დაურთოს თავისი პირადობის მოწმობის ასლი.
წაიკითხეთ სრულად