Baby Bag

მასწავლებელთა ხელფასის ზრდა მართლაც ისტორიული მოვლენაა

მასწავლებელთა ხელფასის ზრდა მართლაც ისტორიული მოვლენაა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გუნდს მადლობა გადაუხადა იმ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერისთვის, რომლებიც განათლების რეფორმას უწყობს ხელს და დეპუტატებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და მიღწეული შედეგები გააცნო.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ყველა სკოლა იწყება მასწავლებლით და სწორედ მათზეა დამოკიდებული რეფორმების განხორციელება.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მთვარობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ეს არის ეროვნული იდეა - განათლება, რომელიც უკვე გადაიქცა საქმედ, 2022 წლიდან ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე დაიხარჯება. ის პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით მიიღებენ 2 წლის ჯამურ ხელფასს და შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

„რეფორმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და ანაზღაურების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უპრეცედენტოა.
ამ რეფორმით პირველ ეტაპზე 6 000-ზე მეტმა მასწავლებელმა ისარგებლა. გარდა ამისა, 2019 წლის ბოლომდე მასწავლებლებს აქვთ კომპეტენციის გამოცდის გამეორების ან ჯილდოს მიღებაზე რეგისტრირების შესაძლებლობა. რეფორმის ფარგლებში, მასწავლებელთა ხელფასის ზრდა მართლაც ისტორიული მოვლენაა. 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით! სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლები მიიღებენ 1011 ლარს; წამყვანი მასწავლებლები - 1435 ლარს; მენტორი მასწავლებლები - 1745 ლარს. აღსანიშნავია ისიც, რომ პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის უფროსს მასწავლებელს ანაზღაურება ექნება - 1700 ლარი; წამყვან მასწავლებელის - 2135 ლარი; მენტორ მასწავლებელს - 2445 ლარი. პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ მუშაკებს - საშუალოდ 20%-ით.
ასევე, 1 სექტემბრიდან რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ხელფასები საშუალოდ 200 ლარით გაეზრდებათ” - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

წაიკითხეთ სრულად