Baby Bag

​ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასის ახალი საათობრივი ბადე შევა ძალაში

​ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასის ახალი საათობრივი ბადე შევა ძალაში

ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასის ახალი საათობრივი ბადე შევა ძალაში, - ამის შესახებ Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში განუცხადეს. 

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024-ში მოცემული საათობრივი ბადე მოქმედია პირველიდან მეშვიდე კლასების ჩათვლით. პირველი-მეექვსე ისედაც მოქმედი იყო, ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასი შევა ძალაში. საბაზო საფეხურის დანარჩენი კლასებისთვის (მე-8 და მე-9) და საშუალო კლასებისთვის სკოლებმა უნდა იხელმძღვანელონ 2011-2016 ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადით. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ მე-12 კლასში აბიტურის საათები უკვე გაუქმებულია,“ - აღნიშნეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში.

საათობრივი ბადე განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული და წლიური დატვირთვის ოდენობას კლასების, სემესტრებისა და საგნების მიხედვით.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სკოლის ყოველდღიურობაში დამრიგებლის როლი, თავად მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა უნდა გაიზარდოს“- მიხეილ ჩხენკელი

„სკოლის ყოველდღიურობაში დამრიგებლის როლი, თავად მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა უნდა გაიზარდოს“- მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ჩვენი მთავარი საზრუნავია ბავშვის კეთილდღეობა იმის მიუხედავად, საჯარო სკოლაში სწავლობს იგი თუ კერძოში. ვფიქრობ, რომ ასევე საჭიროა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. კერძოდ, აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა. ამ სტანდარტებმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და მზრუნველი გარემო მოსწავლისთვის. დააწესოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალი კრიტერიუმები. საჭიროა, გაძლიერდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან, გაღრმავდეს არასამთავრობო ორგანიზაციების როლი. როგორც იცით, ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება და დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ადმინისტრაციული საშუალებებით პრობლემები ვერ მოგვარდება:

​​„
აუცილებელია, თავად სასკოლო პროცესის განვითარება: უნდა გაიზარდოს დამრიგებლის როლი თითოეული მოსწავლის საჭიროებების და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით; უნდა გაიზარდოს სკოლის ყოველდღიურობაში, პრობლემათა იდენტიფიცირებისა და გადაჭრის პროცესებში თავად მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა. ამ მიზნით, საჭიროა ელექტრონული რესურსების განვითარება მშობელთა, მასწავლებელთა და სასკოლო საზოგადოების რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; ახალგაზრდებში ნეგატიური ტენდენციების შესამცირებლად და რაც მთავარია, მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოსწავლეთა ჩართულობა შემოქმედებით აქტივობებში და არაფორმალური განათლების განვითარება წრეების, კლუბების, სახელოვნებო და სპორტული მიმართულებებით“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

წაიკითხეთ სრულად