ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასის ახალი საათობრივი ბადე შევა ძალაში, - ამის შესახებ Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში განუცხადეს.
„ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024-ში მოცემული საათობრივი ბადემოქმედია პირველიდან მეშვიდე კლასების ჩათვლით. პირველი-მეექვსე ისედაც მოქმედი იყო, ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასი შევა ძალაში. საბაზო საფეხურის დანარჩენი კლასებისთვის (მე-8 და მე-9) და საშუალო კლასებისთვის სკოლებმა უნდა იხელმძღვანელონ 2011-2016 ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადით. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ მე-12 კლასში აბიტურის საათები უკვე გაუქმებულია,“ - აღნიშნეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში.
საათობრივი ბადე განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული და წლიური დატვირთვის ოდენობას კლასების, სემესტრებისა და საგნების მიხედვით.
„ეს პასუხი ამ ქვეყნის განათლების სისტემაში არის დიაგნოზი ტრაგედიისა“ - ფილოლოგი გია მურღულია
ფილოლოგმა გია მურღულიამ, ლექციაზე „ოთხი კაცის ამბავი“, ისაუბრა პედაგოგების იმ ნაწილზე, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სჭირდებათ მუდმივი პროფესიული განვითარება.
„ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში გამოკითხეს მასწავლებლები. ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი - რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ცხოვრებაში მუდმივ პროფესიულ განვითარებას? - 60%-ზე მეტმა უპასუხა, რომ მათ არ სჭირდებათ პროფესიული განვითარება, რადგან დაამთავრეს უნივერისიტეტი და საკმარისი იციან, იმისათვის რომ ბავშვებს ასწავლონ. ჩემთვის, ალბათ ბევრისთვისაც, ეს პასუხი ამ ქვეყნის განათლების სისტემაში არის დიაგნოზი ტრაგედიისა. არც კი მინდა დავიჯერო, მგონია რომ გადაჭარბებულია, თუმცა ეს ოფიციალურად დაბეჭდილია.
მე ვიცნობ, ფანტასტიკურ მასწავლებლებს, „ფოიერვერკებს“ აწყობენ გაკვეთილებზე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დიდი პრობლემები გვაქვს ამ კუთხით, ბევრი ადამიანი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც თანამედროვე მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს.
ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ, რაც ბევრს არ მოსწონს. ამბობენ, რომ თითქოს პატივს არ ვცემ მასწავლებელს. პატივს არ ვცემ კი არა, ყველაზე მნიშვნელოვან პერსონად მიმაჩნია მთელ ქვეყანაზე.
ვარ ბედნიერი, როდესაც კარგ გაკვეთილს ვუყურებ და კარგ მასწავლებელს ვხვდები, ასევე ვარ ბედნიერი, როდესაც საშუალო მასწავლებელს ვხვდები, აწ უკვე. თუმცა, ვერ ვეგუები, ისეთ მასწავლებელს, რომელიც არაფერს აძლევს ბავშვებს.“