Baby Bag

რა არის საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლის ნიჭის გამოვლენა შეძლოს

რა არის საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლის ნიჭის გამოვლენა შეძლოს

ამერიკელი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი (1902-1987) არის ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. მან ჩამოაყალიბა მოსწავლის გამოცდილებაზე დაფუძნებული (Student Centered Learning) სწავლების იდეა, როდესაც სწავლების პროცესში მაქსიმალურად ხდება მოსწავლის სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინება. 

გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწავლე თვითონ არის აქტიური და ინიციატივიანი. იგი აცნობიერებს იმ მიზეზებს, რომლებიც ხელს უწყობს მისი სწავლისადმი ინტერესების გაზრდას. გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება პიროვნების ცვლილებისა და ზრდის ექვივალენტურია. 

როჯერსის მიხედვით, ადამიანებს სწავლის ბუნებრივი ნიჭი გააჩნიათ. მასწავლებლის როლი სწორედ ის არის, რომ სწავლების პროცესში შექმნას ისეთი ატმოსფერი, სადაც მოსწავლეს შეეძლება ასეთი ნიჭის გამოვლენა. ამისათვის საჭიროა, რომ მასწავლებელმა:

  • შექმნას პოზიტიური გარემო სწავლებისათვის;
  • სწორად ჩამოაყალიბოს სწავლების მიზანი;
  • სისტემაში მოიყვანოს სასწავლო რესურსები და გახადოს მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი;
  • მოახდინოს სწავლების ინტელექტუალური და ემოციური კომპონენტების გაწონასწორება;
  • შეძლოს, რომ არ იყოს დომინანტი, იზიარებდეს მოსწავლის განცდებსა და აზრებს.

როჯერსის მიხედვით, სწავლება სასურველი მაშინაა, როცა (1) მოსწავლე სრულად არის ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში; (2) მოსწავლე აწყდება პრაქტიკულ, კვლევით პრობლემებს, რისი საშუალებითაც სწავლა უფრო მეტად მორგებული ხდება ინდივიდის საჭიროებებზე; (3) მოსწავლე მუდმივად აფასებს საკუთარ თავს, რაც მისი პროგრესისა და წარმატების შეფასების ძირითადი მეთოდია. როჯერსი, აგრეთვე, მიუთითებს მუდმივი ცვლილებების აუცილებლობაზე სწავლების პროცესში, რაც ზრდის მოსწავლის მოტივაციას. 

როჯერსის მიხედვით, 

1. სწავლება უფრო ნაყოფიერია, თუ საგნის შინაარსი და პიროვნების ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. 
2. საჭიროა ახალი მიდგომებისა და პერსპექტივების მოძებნა, რაც არ გამოიწვევს პიროვნების დათრგუნვას. 
3. სწავლების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, თუ ასეთი შიშის კოეფიციენტი დაბალია. 
4. ყველაზე პროდუქტულია ინიციატივიანი ანუ სტიმულის მიმცემი სწავლება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

I-XII კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა.

მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2021 წლის 3 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:

ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება,რომელშიც სავალდებულოა მითითებულ იქნას შემდეგი ინფორმაცია:

  • ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
  • ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის , ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
  • ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
  • უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;

ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს .

დ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

  • წინმსწრები კლასის დაძლევის თაობაზე ცნობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გასცემენ სკოლის საქმისწარმოების წესის შესაბამისად - როგორც მატერიალურად, ისე - დისტანციურად, ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლის ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნილი განცხადების საფუძველზე (იხილეთ კერძო სკოლების ელექტრონული ფოსტის მისამართები).
  • ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ელექტრონულად გადაუგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან რესურსცენტრის მიერ დადგენილი წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ რესურსცენტრის წარმომადგენელს. რესურსცენტრი 2 დღის ვადაში დაუდასტურებს განმცხადებელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება დაუყოვნებლივ. რესურსცენტრი ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (იხილეთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული ფოსტის მისამართები).

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220.

წაიკითხეთ სრულად