Baby Bag

სექტემბრიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება

სექტემბრიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება

სექტემბრიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საელჩო უზრუნველყოფს პედაგოგების გადამზადებას, მათ შრომით ანაზღაურებასა და მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგებას.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ანტონიო ბარტოლის განცხადებით, იტალიის მთვარობის ინიციატივითა და საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევით, სექტემბრიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება. 

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს პირველად, განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე, ქართველი ახალგაზრდები სამაგისტრო პროგრამას იტალიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაივლიან.

მხარეები შეთანხმდნენ მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც, რაც საგრანტო და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას გულისხმობს.

გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა კულტურის სფეროშიც. ელჩის ინიციატივით, ხელი შეეწყობა სამუზეუმო სივრცის საგანამანათლებლო მიზნით გამოყენებას, რაშიც სკოლები ჩაერთვებიან და მოსწავლეები მეტად გაეცნობიან იტალიურ კულტურას,“ - აღნიშნულია განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მე მირჩევნია ტრენინგი მასწავლებელმა ჩაატაროს, ვიდრე მასწავლებლის სახლის ტრენერმა - ბერიკა შუკაკიძე

მე მირჩევნია ტრენინგი მასწავლებელმა ჩაატაროს, ვიდრე მასწავლებლის სახლის ტრენერმა - ბერიკა შუკაკიძე

პედაგოგთა ტრენინგებთან დაკავშირებით,  მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ გადაცემაში „ჩვენი სკოლა“ ისაუბრა. 

მისი თქმით,  პირველ რიგში, მასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებას უნდა მიექცეს ყურადღება და მხოლოდ ამის შემდეგ არის ტრენინგი ეფექტური:

„ტრენინგი ეს არის, ასე ვთქვათ, დესერტი.  პირველ რიგში,  ჩვენ უნდა მივხედოთ მასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებას, რომელიც უნდა იყოს მაღალი დონის. ამის შემდეგ არის ტრენინგი ეფექტური. რაც შეეხება დეცენტრალიზაციას, მასწავლებლის სახლის ტრენერს (ტრენერებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ) მე მირჩევნია, მაგალითად, გორის რომელიმე სკოლაში ვიპოვო კარგი მასწავლებელი, რომელმაც კარგად იცის კონკრეტულად გორის სკოლის საჭიროებები, ვიდრე მასწავლებლის სახლიდან მივლენილმა ტრენერმა. ამიტომ ჩვენ უნდა მივხედოთ მასწავლებლის სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას, უნდა მივხედოთ მასწავლებლის სოციო-ეკონომიკური სტატუსის ამაღლებას, რათა ეს პროფესია გახდეს პოპულარული მაღალი სააზროვნო უნარების მქონე სტუდენტებში და ისინი შეუერთდნენ ამ პროფესიას. ჩვენ ვიწყებთ მაღალი დონის სოციალურ კამპანიას. ჩემთვის პატრიოტობა არის ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში (მთის სკოლაა) მასწავლებლად მუშაობის დაწყება. ახალგაზრდა პატრიოტმა თავისი პატრიოტობა იქ მუშაობით უნდა გამოავლინოს,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.  

წაიკითხეთ სრულად