Baby Bag

მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებული ვიდეოკონკურსი გრძელდება

მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებული ვიდეოკონკურსი გრძელდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი სახელწოდებით „არა კიბერბულინგს!“ გრძელდება!

კიბერბულინგის დეფინიცია:

კიბერბულინგი, იგივე ონლაინბულინგი ან კიბერდევნა ნიშნავს დაცინვას, შეურაცხყოფას, ადევნებას და სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც გარკვეული რეგულარობით ხორციელდება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. კიბერბულინგის მსხვერპლი გახლავთ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც ამცირებენ, აშანტაჟებენ ან აშინებენ ძალადობრივი სახის ციფრული შეტყობინებების, კომენტარების და/ან პირადი სახის არასათანადო, დამამცირებელი და/ან პირადული შინაარსის ვიდეოების, ფოტოების ან კომენტარების გავრცელებით სოციალურ ქსელში.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს და გრძელდებოდეს არანაკლებ 3 წუთისა. ვიდეოს გადაღება უნდა მოხდეს ნებისმიერი საგნის მასწავლებლის, ან მასწავლებელთა ჯგუფის ჩართულობით. საკონკურსო ვიდეოები უნდა აიტვირთოს ვებპორტალზე https://www.youtube.com/ და ბმული გაზიარდეს ელექტრონულ მისამართზე nocyberbullying2019@gmail.com *. ბმულების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით (დასაშვებია ანიმაციური ხასიათის ვიდეობიც).

ვიდეოს შინაარსი:

ვიდეო უნდა მოიცავდეს კიბერბულინგის და მასთან დაკავშირებული საფრთხეების თემატიკას, მოზარდების ურთიერთობას ციფრულ სივრცეში და ამ ურთიერთობების ეთიკას.

ვიდეოს შეფასების კრიტერიუმები:

1️⃣ თემასთან კავშირი
2️⃣ საკითხის სიმწვავე
3️⃣ მოსწავლეთა ჩართულობა
4️⃣ მასწავლებელთა ჩართულობა
5️⃣ ვიდეოგადაღების ხარისხი
6️⃣ ხმის ხარისხი/სმენადობა
7️⃣ მხატვრული მხარე/გამომსახველობითობა
8️⃣ ხანგრძლივობის პირობასთან შესაბამისობა.

*შენიშვნა: სხვა სახით გაზიარებული ვიდეოების განხილვა არ მოხდება

დაჯილდოება და პრიზი:

გამარჯვებული ვიდეორგოლი გამოვლინდება მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეექვსე კონფერენციაზე.

ვიდეორგოლის ავტორთა ჯგუფს პრიზად გადაეცემა ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაკვეთილის ასე დაწყება გამორიცხავს მოსწავლეების ქცევით პრობლემებს“ - ქართველი მასწავლებელი თავის გამოცდილებას გვიზიარებს

„გაკვეთილის ასე დაწყება გამორიცხავს მოსწავლეების ქცევით პრობლემებს“ - ქართველი მასწავლებელი თავის გამოცდილებას გვიზიარებს

გახსოვთ, ალბათ, ​მისის სპარკსი​, რომელიც თავის მოსწავლეებს გაკვეთილების დაწყების წინ გულთბილად ესალმება და ხალისით უშვებს საკლასო ოთახში. დღეს ქართველ მასწავლებელს, ნონა ჩუბინიძეს გაგაცნობთ, რომელმაც დაახლოებით ორი კვირაა, რაც სკოლაში მისალმების ახალი ტრადიცია დანერგა: 

„სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს გავრცელებული ვიდეოებიდან გამიჩნდა იდეა, რომ მოსწავლეებს ორიგინალურად მივსალმებოდი. ორი კვირაა, რაც მათ კლასის კარებთან ვხვდები და სათითაოდ ვესალმები. ასე ხალისითა და სიყვარულით ვიწყებთ სასწავლო პროცესს. თავიდან კვირაში ერთი დღე მინდოდა ასე მივსალმებოდი. თუმცა ყოველდღე გარეთ მხვდებიან ერთ მწკრივად, ამიტომ ყოველდღე ასე ვესალმებით ერთმანეთს. ორ კლასს ვასწავლი და ორივეგან ასეა,“ - აღნიშნავს ნონა ჩუბინიძე Momsedu.ge-სთან საუბრისას.

როგორც ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ამბობს, მისალმების მსგავსი მეთოდი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის: 

„მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის ასე დაწყების შემდეგ მასწავლებელიც და მოსწავლეც დადებითადაა დამუხტული, რაც გამორიცხავს გაკვეთილზე ქცევით პრობლემებს. გარდა ამისა, ხალისით ითვისებენ იმასაც, რასაც სწავლობენ. ასე დაწყების შემდეგ ერთი მამოტივირებელი აქტივობაღა სჭირდებათ გაკვეთილის მსვლელობისას, დიდხანს ინარჩუნებენ კონცენტრაციას,“ - ამბობს ნონა მასწავლებელი. 

იხილეთ მოსწავლეების პირველი რეაქცია მასწავლებლის მისალმების ახალ მეთოდზე

წაიკითხეთ სრულად