Baby Bag

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. ეს არის რიგით მეხუთე არჩევნები (პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა). სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.

სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა განახორციელონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ელექტრონულ ბიბლიოთეკა el.ge-ზე უკვე 22 ათასი რესურსია ატვირთული

ელექტრონულ ბიბლიოთეკა el.ge-ზე უკვე 22 ათასი რესურსია ატვირთული

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - ელექტრონულ ბიბლიოთეკა ​el.ge-ზე უკვე 22 ათასი რესურსია ატვირთული.

ვებგვერდზე განთავსებულია :

  • ელექტრონული წიგნები;
  • თემატური ვიდეოები და სტატიები;
  • ფოტო და აუდიო მასალები;
  • გამოყოფილია სივრცე ბლოგის, ვებინარების და სხვადასხვა მიმართულების პროექტისთვის.

ქართული ონლაინ პროდუქტი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მომხმარებელს ერთ სივრცეში ჰქონდეს წვდომა მისთვის საჭირო მრავალფეროვან, საგანმანათლებლო-შემეცნებით რესურსებთან.

ყველა დაინტერესებულ ორგანიზაცია, el.ge-სთან პარტნიორობის ფარგლებში ვებ-გვერდზე ქმნის პირად სივრცეს და ტვირთავს თავის ელექტრონულ რესურსს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მისთვის საჭირო მასალებთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეს.

რესურსები ასევე მოიცავს სკოლებისთვის საგნობრივ, დამხმარე სახელმძღვანელოებსაც, ვიდეო და აუდიო გაკვეთილებს, სხვადასხვა კომპანიის მიერ შექმნილ მრავალფეროვან ვიდეო ილუსტრაციებს, სახელმძღვანელოებს მოსწავლეებისთვის, მელოდიებს, საინტერესო-შემეცნებით სტატიებს, ქართულ და უცხოენოვან ლიტერატურას.

განთავსებულია მენეჯმენტის, ჯანდაცვის საკითხების, ტექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერების საგნობრივი მიმართულების სახელმძღვანელოები.

პლატფორმას, დისტანციური სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, დაემატა ლექცია-ვებინარები როგორც ქართულენოვანი, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის. გარდა ამისა, საგანმანათლებლო პროექტის „iსკოლის“ ფარგლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს საშინაო დავალებების კრებულების ნახვა და გადმოწერაც შეუძლიათ.

ქართული ინტერნეტ პროდუქტი el.ge, რომელიც მოცულობით ელექტრონულ რესურს ერთ სივრცეში აერთიანებს 2018 წელს, საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით შეიქმნა.

წაიკითხეთ სრულად